ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

724. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახიოს჻ ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს჻ მისსა მჭვრეტელსა ალხინოს ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს჻ ვაი მოყვარისა გაყრილსა ახიო ეყოს ახი ოს჻

725. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა჻ ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა჻ მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტის მეტითა჻ იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა჻

726. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს჻ რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს჻ რა ღრუბელი მიეფარვის მზე ხმელეთსა დააჩრდილებს჻ მის მოყვრისა მოშორება კულავ აჩრდილებს არ ადილებს჻

727. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად჻ იტყვის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარ჻ მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ად჻ ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად჻

728. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა რგვით მორწყო მახია჻ დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დანასა მახია჻ აწ გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამაბა მახია჻ აწყა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია჻

729. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს ათრთოლებს და აწანწარებს჻ გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიახარებს჻ საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს჻ ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს჻

730. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების჻ მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების჻ ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების჻ ხედავთ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების჻

731. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი჻ გული ჟამ ჟამად ყოველთა ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი჻ გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი჻ ვერცა პატრონობს სიკვდილი ვერცა მეფეა რომელი჻

732. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი჻ მან მარგალიტი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი჻ მის მზისა მკლავსა ნაბამი მათ კბილთა შესატყვისონი჻ პირსა დაიდვა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი჻

733. რა გათენდა კაცი მივა მომკითხავი დარბაზს მხმობი჻ ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილ ნაკრთობი჻ ერთმანერთსა ეჯავრვიან დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი჻ მეფე მინდორს ეკაზმოდა მოეკაზმა დაბდაბ ნობი჻

734. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა჻ ქოს დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყუა არ ისმოდა჻ მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა჻ მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა჻

735. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი჻ შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი჻ დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი჻ ჴმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს სრულნი჻

736. ყმა ახლოს უჯდა მეფესა კითხვიდა ეუბნებოდა჻ ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი და კბილთა ელვა კრთებოდა჻ ღირსნიახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა჻ უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა჻

737. ყმა მივიდა გულმოკლული ცრემლი ველთა მოედინა჻ მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა჻ ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის ხელსა რადმცა დაეძინა჻ რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა჻

738. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო჻ მოგშორდი ედემს ნაზარდო ლერწამო და ხეო჻ შენთა მჭურეტელთა ნიშატო ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო჻ ცხადად ნახვას არა ღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო჻

739. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა჻ კვლავ გულსა ეტყვის დათმობა გვანდეს სიბრძნისა წყაროთა჻ არ დავთმოთ რა ვქნათ სევდასა მითხარ რა მოუგვაროთა჻ თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან ჭირნიცა შევიწყნაროთა჻

740. კულავ იტყვის გულო რაზდენცა გაქუს სიკუდილისა წადება჻ სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება჻ მაგრა დამალე არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კულა დება჻ ავად შეფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება჻

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა჻

741. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე჻ იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დაცავფარე჻ დათმობასა იაჯების გულსა შენ რა მოუგვარე჻ ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე჻

742. ვეზირმან ცნა გაეგება ჩემსა მზეა ამოსრული჻ ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული჻ მიეგება თაყვანისცა კადრა სრულსა ქება სრული჻ ხამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული჻