ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

645. ფრიდონს უთხარ ყველაკაი ჩემი თავსა გარდასრული჻ მან მითხრა თუ რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული჻ შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული჻ სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული჻

646. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი საროს მორჩსა ტანად უხებს჻ მას ლახვარსა მოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს჻ იგი მოგვცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს჻ ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს არათ ოდეს შეგვაწუხებს჻

647. წამოვედით ნატირებნი სრას დავსხედით თავის წინა჻ ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ ა჻ ვითა ღ~თსა შენი მგზავსი სოფლად არა მოავლინა჻ მაშა რადგან შეგემეცენ ამის მეტი რად რა მინა჻

648. არ ავი გესვა მოყვარე ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად჻ ენა გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად჻ რა მოვაგვარო რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად჻ თუ ვერას ვარგებ ვიქმნები ვერ დამყოფელი წამისად჻

649. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან მიჯობსღა ამას რომელი჻ მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი჻ მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მდომელი჻ ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი჻

650. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა჻ შემამკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა჻ აქა მოგვესმის წამალი შენ რომე დაუწვავ ალთა჻ ნუთუ ქნას ღ~თნ გარდასვლა მაგაა ჭირთა და ვალთა჻

651. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კულავ უვლია჻ მოგვინახონ იგი მთვარე ვისთვის ჭირი არ გვაკლია჻ მუნამდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია჻ ყოლა ჭირი არ ეგების თუცა ლხინმან არ დასძლია჻

652. კაცი უხმე მასვე წამსა ესე საქმე დაიურვეთ჻ უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ჻ თავსა ჭირი უათასეთ რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ჻

653. იჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს჻ უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს჻ მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორე მლხენოდეს჻ უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხვენოდეს჻

654. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატონოსა჻ მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის ვერ მივხვდი გასაგონოსა჻ ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა჻ ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა჻

655. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელი჻ ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელი჻ ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელი჻ მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლავ ცრემლი შეუშრობელი჻

656. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების჻ ამისად მოწმად ღ~თი მყავს სათქმელად მეუცხოების჻ უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების჻ დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების჻

657. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი჻ ვეღარ ვიქნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი჻ ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი჻ მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი჻

658. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს჻ მისთა სპათა მუჴლ მოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს჻ მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს჻ ნუ წახვალო დაგაწამოთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს჻

659. ეგრე უთხარ თქუენი გაყრა მეცა დია მეძნელების჻ მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების჻ ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ თქვენცა დია გებრალების჻ ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების჻

660. მერმე ფრიდონ მოიყუანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი჻ მითხრა ხედავ პირი მზისა თქუენ საროსა ეგეც ხენი჻ ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი჻ თვით ამანვე მოგაწონნეს საჴედრობა სიფიცხენი჻

661. ფრიდონ გამამყვა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით჻ მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით჻ სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით჻ გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით჻

662. ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად კვლავ ვიარე჻ რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა ზღვათა გარე჻ მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე჻ გული სრულად გამიშმაგდა თავი მჴეცთა დავადარე჻

663. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა სიარული ცუდი ცურვა჻ ნუთუ მჴეცთა სიარულმან უკუმყაროს გულსა ურვა჻ მონათა და ამ ასმათსა სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა჻ ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა჻

664. აწ წადით და მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქუენთა჻ ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთა მონადენთა჻ რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა჻ მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა჻