ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

839. რა მეფემან დიდებულნი ნახა სულთქმით შემოსტირნა჻ უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა჻ რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგუყარნა რად გაგვწირნა჻ სპანი მისგან დაჭირულნი ვინცაღა ვით დაგვიჭირნა჻

840. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად჻ მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად჻ მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრედ სირცხვილიანად჻ ანდერძი კადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად჻

841. მოახსენა საწოლს ვპოე ესე მისგან დანაწერი჻ დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი჻ იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი჻ მე თუ მამკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი჻

842. რა ანდერძი წაიკითხეს კვლავ იტირეს დიდი ხანი჻ მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი჻ ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხვანი჻ შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი჻

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა჻

843. მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება გაანათლებს჻ რა იახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს჻ მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს჻ ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს჻

844. აწყა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა჻ მივა და მისტირს გულმდუღრად ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა჻ წამ წამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა჻ უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის თუ მოჴსნის მიჰჴდის ცნობასა჻

845. რა მიიახლის დაბნედად ვერ ხელ ყვის გაძვრად ენისად჻ მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მგზავსად წყაროსა დენისად჻ ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად჻ რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად჻

846. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს჻ რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს჻ თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს჻ სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს჻

847. მე რა ვქნა შენად შეყრამდი ანუ რას მეჭვდე ლხენასა჻ თავსა მოვიკლავ მე თუმცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა჻ მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა჻ მოდი და მივცენ ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა჻

848. ტირს იტყვის დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის ათმანო჻ ინდოთა რაზმი ჩემად კვლად თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო჻ თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მამკლა სათმანო჻ ბაგე კბილო და თვალ წარბო მამცემდი პატიჟთა თმანო჻

849. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად გთქვის მზიანისა ღამისად჻ ერთარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად჻ ვის მორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად჻ ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად჻

850. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი჻ შენ მიშველე რა ტყვექმნილსა ჯაჭვნი მაბიან რკინანი჻ ბროლ ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგე მინანი჻ მაშინ ვერ გავძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი჻

851. ამას მოთსქმიდის იწოდის ვითა სანთელი დნებოდის჻ დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის჻ რა შეუღამდის ვარსკვლავთა ამოსულა იამებოდის჻ მას ამგზავსებდის ილხენდის უჭურეტდის ეუბნებოდის჻

852. მთვარესა ეტყვის იფიცე სახელი ღ~თისა შენისა჻ შენ ხარ მამცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა჻ შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა჻ მიაჯე შეყრა პირისა შენ გამო შენებრ მშვენისა჻

853. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასვლასა მზისასა჻ რა წყალი ნახის გარდიხდის უჭურეტდის ჭავლსა წყლისასა჻ მას თანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ კვლავ გაემართის ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა჻

854. მარტო მოსთქმიდის ტიროდის ტანად ალვისა ხიანი჻ მინდორს თხა მოკლის სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი჻ შეწვის ჭამის და წავიდის პირ მზე გულ მარიხიანი჻ იტყვის დავყარენ ვარდნი და აჰა მე ვაგლახიანი჻

855. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა჻ მიუბნობდის რას მოთქმიდის რას ტურფასა რაზომ გვარსა჻ ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა჻ ქვაბნი ნახნა გაეხარნეს ზე გავიდა ქვაბთა კარსა჻

856. რა ასმათმან დაინახა მოეგება ცრემლი სწვთების჻ ვით იამა სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების჻ ყმა გარდახდა მოეხვია აკოცებს და ეუბნების჻ კაცი კაცსა მოელოდეს მოსლვა უცხო იამების჻

857. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი ნეტარ სად არის და ვითა჻ ქალი ატირდა ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა჻ ეტყვის რა წახველ გაიჭრა ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა჻ აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით არ ამბავითა჻