ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

801. დაჯდა წერად ანდერძისა საბრალოსა საუბრისად჻ ჱე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად჻ ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცრემლთა მამდებრისად჻ შემინდევ და წამატანე მოწყალება ღ~თაებრისად჻

802. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა჻ კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა჻ მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა თქმულსა჻ სიცრუე და ორ პირობა ავნებს ჴორცსა მერმე სულსა჻

803. რადგან თავი სიცრუვეა ყოვლისა უბადობისა჻ მე რად გავწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა჻ არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა჻ მით ვისწავლიდით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა჻

804. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი როგორ სწერენ჻ ვით იტყვიან ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ჻ სიყვარული აგვამაღლებს ვით ეჟვანი ამას ჟღერენ჻ შენ არ ჯერხარ უსწავლელნი კაცნი რადმცა შევაჯერენ჻

805. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მამცა მძლევად მტერთად჻ ვინ არს ძალი უხილავი შემწე ყოვლთა მიწიერთად჻ ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად჻ იგი გაჴდის წამი ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად჻

806. რაცა ღ~თსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების჻ მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების ვარდი ჭკნების჻ თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვიდნების჻ მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით გეთნების჻

807. რაზომცა სწყრები შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა჻ ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე მაგისისა თნებისა჻ აწ წასვლა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა჻ სადა გინდ ვიყო რა მგამა ყოფაცა მქონდეს ნებისა჻

808. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა჻ არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა჻ წესი არის მამათაგან მოჭირვება ჭირთა თმენა჻ არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა჻

809. რაცა ღ~თსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად჻ გარდამჴდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად჻ თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად჻ მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემთვის დავლად჻

810. მეფეო ესე თათბირი მამკალ ვინ დამიწუნოსა჻ მეფეო ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა჻ ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა჻ პირის პირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა჻

811. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა჻ ვგმობ კაცსა უაუგოსა ცრუსა და ღალატიანსა჻ რა უარია მამაცსა სულ დიდსა წასვლა გვიანსა჻ ვერ ვეცრუები ვერ უზამ მას ხელმწიფესა სვიანსა჻

812. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა჻ შემდრკალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა჻ კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა჻ სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა჻

813. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი჻ მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალ გულოვანი჻ ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მჴცოანი჻ სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი჻

814. მერმე ვიშიშვი მეფეო თქუენად კადრებად ამისად჻ სცდების და სცდების სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად჻ მოვა შემყრელი ყოველთათვინ ერთგან დღისა და ღამისად჻ თუ ვერა გნახნე ცოცხალმან სიცოცხლე მქონდეს ჟამისად჻

815. თუ საწუთრომან დამამჴოს ყოველთა დამამჴობელმან჻ ღარიბი მოვკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან჻ ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან჻ მუნ შემიწყალოს თქუენმავე გულმან მოწყალე ლმობილმან჻

816. მაქუს საქონელი ურიცხვი ვერვისგან ანაწონები჻ მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები჻ შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები჻ მიღვწიან მამიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები჻

817. რაცა თქუენთვინ არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად჻ მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ხიდთა გასადებლად჻ ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად჻ შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად჻

818. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის჻ ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებს არ გეთნევის჻ არას არგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის჻ შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეხდევის჻

819. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა჻ ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა჻ ნუგეშინის ეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩვეულსა჻ ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა჻

820. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ჴელითა჻ აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ხელითა჻ ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა჻ სუფევითამცა ხარ თავითა მტერთაგან საკრძალველითა჻