ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

557. კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო,– წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო. მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ათი-თასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

558. ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია! შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, – შოება არ საწყენია!–

559. “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს, შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეჴმაროს!– არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს!–

560. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ,– რად გაგიშვან, რად მოსტყუვდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ! შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ?!– ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

561. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ჴამს, თუ დანა გულსა ვიცი ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი, თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

562. “მზე დაბრუნდა, – არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

563. “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმცა გარდუხდიან!

564. “აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?! რკინა ჩემი მონაცვალე, ჴამს გაცვილდეს, არ გატინდეს ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეჴმარე, ნუ თუ ჩემგან მოჴმარება შენცა გინდეს.

565. “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად ვითა მნუკავს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. – ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად. – თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად”.

566. ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების!– ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. – ვიტყვი, – მოვკვდე, – არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების”.

*

567. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოჴსენება ვერ შეჰმართა დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

568. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული. უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, – მომკლათ, რა გესმათ ამბავი– გაკვირვებული.

569. “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს, და არცა დიდობს მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არაჰრიდობს. – აწ ავთანდილ გეთხოვების, – მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ჰფლიდობს”.

570. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა. – კვლა მოაჴსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!– მართალ ხართ, თუცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

571. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, – შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

572. “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ, – ვითა ადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად! შმაგო, ენა ვით იჴმარე აწ მაგისად ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!

573. “ჴამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დაჰხედნეს, ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს”.

574. კვლა უბრძანა: “თუცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი! წა, უკუ-დეგ!– ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

575. ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს,– შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს,– მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს!