ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

538. ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა,– რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

539. ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა, არ დასაწვავისა, დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

540. “ჴამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა-არ-დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად!– აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

541. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერე ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

542. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ჴამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა - ცოდნა ჴამს, მართ უიცისა, ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელქმნილმან, მზე მიმეფაროს მი-, ცისა?”

543. მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა. იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, ჩემთა სისხლთა ხვრეტითა!”

544. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

545. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი! ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

*

546. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დამცავფარე!” დათმობასა ეაჯების, – “გულსა შენ რა მოუგვარე!”– ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

547. ვაზირმან ცნა, გაეგება, – “ჩემსა მზეა ამოსრული! ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანი სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული,– “ჴამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.

548. ყრმა გარდაჰსვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან ფერჴთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

549. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების,– გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების.

550. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სული არ ჰშურდეს, შეზღვა ჴამს შეუზღველისა ჴამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

551. “ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა, – შენ ხარ გულითა ბნელითა”– ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ცჴელითა.

552. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. – მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ჴელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

553. “რაცა გითხარ ჩემმაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა, უსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა?– მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა!

554. “ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ შეუზრახემან! ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, – ალვისა სახემან, გული წამსავე წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან.

555. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქვს გულოვანსა, აქა ჴელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერ-რას ვარგებ, – გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

556. “წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, – არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე დავებრუნდეს. არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს”.