ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

654. მის ზენაარსა არ გავჰტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი ვიყო უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები

655. ჩემთვის გარდაჴდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა, მჭირს ველთა მოსალბედისა მჭირს გამრავლება ჴელქნილსა, სულთქმისა ზედაზედისა დავვიწყებივარ სიკუდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა

656. ესე არაკი დასტური, ჩინეთს ქვაზედა სწერია ვინ მოყუარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინას, ვერ ვარდი ჰგუანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე, ქენ რაცა შენი ფერია

657. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად მაგრა გაპრჭე რა მიქნია, სამსახური ტყუესა ტყუისად გამოჭრილვარ სისხლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად

658. გამოჭრილვარ საძებარად, ვერვის ძალაქვს ჩემოდნება უდაბურთა ტყეთა ვლახავ, ჭირი მაქუს და მრავლად ვნება მემცა ვითა დავეურჩე, რა მოვიდეს ღ~თისა ნება მისგან კიდე არვის ძალუც, ამა ჩემთა ცეცხლთა გზნება

659. ვიარები ღმერთსა სადა, ცის კიდენი დაემყაროს გარდუიკარგვი სხვათა გზათა, ვერვინ მნახოს მე აქ მაროს ვენუკევ თუ ტანსა ჩემსა, ტკბილი სული ჯერარ ჰყაროს მის ნახვისთვის სიმრგვლე ცისა, ჩემთვის რისხუით მოიყაროს

660. ბროლ სადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახლენ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსულითა, მზისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცულად მათთა წყალობათა, მათნი გულნი შევაურვენ

661. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდი ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღ~თსაგან, კარგსა რაღასა მოველი

662. ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა არ უტყუე მოსრულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდ მაშურალი და მტირალი, ქუე ვზივარ პირითა მქისითა

663. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მამცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო წავალ ვძებნი ანუ ვჰპოვებ ,ან სიკუდილი მოვიადრო თვარა ბედი აზომ თურე, მიკუეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო

664. ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა ქუაბი ჩავლო წყალსა გაჰჴდა, შამბი ჩავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა

665. იტყუის ღ~თო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვჰკუდე თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

666. მოყუარემან ვარდის კონა, გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა

667. კულავ იტყუის მიკუირს ნაღველი, კაცისა მე ჭკუიანისა რომ მჭმუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა, საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამტანისა

668. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქუეველი ეძებს უძახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდი მოვლო მრავალი, ჴევი შამბნარი ტყე ველი ვერ ჰპოვა მივა მჭუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი

669. იტყუის ღმერთო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე გამკითხველო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ჩემი გამილხინე

პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა

670. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერშეცულილი ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიანჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა, დგა სადავე უკუყრილი თქუა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი

671. რა შეხედნა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭურეტად მათდა

672. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკუდილისა, ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა