ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

783. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა, და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა ისვრიან და იზახიან, მჴეცთა სჭრიან ვითა მჭელსა

784. კაცი ემთხვია მას ჰკითხა, ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია, ჴმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს, ნაპირი ველშამბნარისა

785. მათ ლაშქართაკე წავიდა, მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება, მის ყმისა ვთქუამცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახონ მჭურეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა

786. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა, ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა გარდაჴდა და ფრთენი დასჭრა,წყნარად შეჯდა არ აქშინდა

787. იგი რა ნახეს მესროლნი, სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს, მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქეთ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყუებოდეს ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო, ვერცა რას ეუბნებოდეს

788. მინდორსა შუა გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსი მას თანა სროლისა,ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყუებოდა ფრიდონს გაჰკვირდა რა ქნესო, მისთა სპათათუის წყრებოდა

789. ფრიდონ მონა გამოგზავნა, წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად მოშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყუის თქმანი

790. ავთანდილ სცნა თუ ისია, მოამბედ ჩემად რებული უთხრა არქვი შენსა პატრონსა, ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი, სამყოფთა მოშორვებული ძმად ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული

791. მონა წავიდა ფრიდონის, თხრობად ამბვისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსულა, ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ ,თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისი, შეყრად ფრიდონის მქისისად

792. რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმანერთი, მათგან იქო არ გაუქდა

793. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედნა მან ესე თქუა, თუ არ მზეაო ისი ვინ ა მას მეტობდა რაცა ქება, მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა მოეხვივნეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

794. მოეხუივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოთ ფრიდონს ყმა, და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭურეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ მამკალ ბაზარს სხვა მათებრი, ივაჭრონ რა ანუ ყიდიან

795. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვინმცა ვით ვინ ეგებიან მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტუნი არ მიხუდებიან მზე უჩინო იქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი, და ღამით შუქნი ჰკრთებიან

796. ცხენსა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მჴეცთა სრვასა ავთანდილის ჭურეტად სპანი, იქიაქათ იქმან ჯრასა თქუეს ასეთი ჴორიცელი, შეუქმნია რაგვარ რასა

797. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი, ვიცი ამბისა თხრობასა გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინათგან ვლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყუი ძმობასა იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო,თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

798. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად, მიჴმობენ ავთანდილობით მე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით

799. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ღურიდა ველთა რწყვიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა, ვაწუიეთ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა

800. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და წყრებოდა მან უჭირველად დაჴოცა, ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მჴართეძო დალეწა, და ზოგსა სული ჴდებოდა მუნღა სცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა

801. მან სპათაგან ვერ შეპყრობა, ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თვით შესხდეს და შეუტივეს, ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა, დაჰკრთა მათთა ჴმალთა ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა

802. ვძებნეთ და კუალი ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა არდასტურობა გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა