ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

767. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსუარე, წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა რაგვარ გასრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან

768. მოდი ეთერო მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე, მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა, დაშვენებითა მაგითა ვისმე გლახ ჩემებრსა ატირებ, გაჰჴდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

769. ოთარიდო შენგან კიდე, არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკუეთ გაწლობილსა, ტანსაწურილსა ვითა თმასა

ამას მოწყალეთა ეტლად იტყვიან

770. მო მთუარეო შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხულდები ზოგჯერ ვწულდები მას უამბე სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთუის ვკვდები

771. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი, შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი, და ზოალ ჩემთუის ბნდებიან მთვარე ეთერი მუშთარი, მოვლენ და მოწმად მყუებიან მაგას გააგონეთ რანიცა, ცეცხლი უშენოდ მდებიან

772. აწ თვალთა ეტყუის ვითამცა, გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკულა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა, თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია

773. თუ დავსთმოვო ესე მიჯობს, სიცოცხლისა ეტყუის თუსა ნუთუ მამხუდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ დასწყუეტდის ცრემლთა რუსა მისსა ჴმასა თანა ჴმაცა, ბულბულისა გვანდის ბუსა

774. რა ესმოდის მღერა ყმისა, მჴეცნი სმენად მოვიდიან მისვე ჴმისა სიტკბოსაგან, წყლით ნიანგნი გამოსხდიან ისმენდიან გაჰკვირდიან, რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

775. ყმა მტირალი სამოცათ დღე, ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი, მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ, თქუენ ამისსა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴმასა

776. მათ მოახსენეს ტურფაო, სახითა და ნაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა აქამდის მზღვარი თურქთაა, ფრიდონ მომძღურეა მზღურებითა აწ მოგახსენებთ მართალსა, თუ ჭურეტით არ დავბნდებითა

777. ნურადინ ფრიდონ მეფეა, ამა ქეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი, ფიცხლად მამხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც, მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი, მგზავსი ცით შუქთა მფენისა

778. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო ,კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქუენსა ვეძებ, მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ, ან გზასა აქუს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე

779. მოახსენეს ესე გზაა, მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგხუდების მეფე ჩვენი, მშვილდფიცხელი მახვილ ჴმალი აქადაღმე ათ დღე მიხვალ, ნაკუთად სარო ფერად ლალი ვაი რად დაგუწენ უცხოს უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

780. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს, ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი თქუენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით არ საპყრულნი ჩვენნი მჭურეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სდიან მხიარულნი

781. კაცნი წავიდნეს დაბრუნდა, ყმა გზასა თავის წინასა ვისი გავს ტანი საროსა, და ვისი გული რკინასა მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქუამს მისსავე ლხინასა ნარგისნი ქუხს და ცრემლსა, წვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა

782. ვინცა გზას ნახნის უცხონი, მსახურებდიან ჰყმობდიან მოვიდოდიან სჭურეტდიან, მაზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშუება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყოლაოზი მისციან, ჰკითხის რა უამბობდიან