ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

*

520. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახე, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, თავნი მისკენ არნეს: “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”

521. მიეგება, მოეხვია, ზედა დახვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ჰღვრიდა ველთა მრწყველსა ესე თქვა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა? მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა!”

522. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყვანი სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუ უნდა მცირსა.

523. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული, ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

524. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,– ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული. ავთანდილს ცრემლი უყოფდა, – უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული!”

525. მან ამბავი შინაური ყველაკაი მოაჴსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!”– მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა, ცისკრად შეჯდა, გაემართა, – დღე რა მზემან განათენა.

526. შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

527. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება– მხიარული გულ-მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

528. რა მიეახლა, გარდაჴდა ყმა, თაყვანი-სცა მეფესა აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

529. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

530. სმა გარდაჴდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.

*

531. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენით ა. კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა. მისვლა ებრძანა ეამა:– თქმა არ ეგების ენითა.

532. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორს ლომთა თანა მინდოს რული, ფერ-ნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ–სრული, მრავალ-წყალი, მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

533. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,– მე ვინ ვაქებ, – ათენს ბრძენთა ჴამს აქებდეს ენა ბევრი!

534. ყმა მხიარული წინაშე დაჰსვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”

535. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა. ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, მუნ პირი მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

536. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა, მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩნსო, ვით ნადირსა, ოდენ ჴელი მჴეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.

537. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად– ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად. ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად,– “ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დაჰსვა ცრემლთა დენად!”–