ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

544. აწ თავმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა; მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზად ეს-ა».

545. მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძუირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის; ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

546. დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: «თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან»; მან ეგრე თქუა: «უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან, ვისგან მოვკუდე, ვისთუის წავჴვდე, მიიხუედროს იგი ვერ მან»

547. პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხუელ შენ ოდეს; შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად შუენოდეს. დავარ მოსთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს; «ბოზო, შენ ბოზო, რად მამკალ, ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!

548. როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღუევინე? არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე! აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიხუდე, ვის ესე დააშლევინე!»

549. ჴელი მიყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოუქუშნა; მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

550. რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასუეს იგი მზე, ჰგავს, იქნას დარაჯებითა.

551. ზღუათაკენ გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქუა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირემ მამკლევდეს, მოვკუდები, სიცოცხლე გასაწყინარდა». დანა დაიცა, მოცაკუდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

552. რად არ მაკუირვებ ცოცხალსა, მე ლახუარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

553. მე უთხარ: «დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვქენ ნაცულად, თუით რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია». სრულად გავქუავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

554. მეტმან ზარმან გამაშმაგა, მამივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა უთხარ: «ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა». აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა.

555. ნავსა ჩავჯე, ზღუასა შეველ, ზღუასა შიგან გავალაგდი; არსით ნავი მამავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მამიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

556. რომე დავყავ წელიწადი, თუე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანამყოლი ყუელაკაი ამომიწყდა, დამეჴოცა, ვთქუი თუ: «ღმერთსა ვერას ვკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ყოცა.

557. ზღუა ზღუა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღუისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა, არ უსმენდი არც ვაზირსა; ყუელაკაი დამეფანტნენ, დარჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

558. “ერთი ღა ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემი გულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი. მისი ვერა ვსცან ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ამბავი ნურადინ- ფრიდონისა, ოდეს შეეყარა

559. ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღუისა პირსა აჩნდეს ბაღნი; გუანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი; არ მიამის კაცთა ნახუა, მიდაღვიდა გულსა დაღნი; მუნ გარდავჴე მოსუენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

560. ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოვლებდა, თუალთა ჩემთა მონაწური.

561. ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოარბევდა ზღუის პირ-პირ, მას თურმე წყლული სტკიოდა; ჴრმლისა ნატეხი დასურილი აქუს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

562. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, ესე აწ მე მითქს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივსწიე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევსთუალე : “დადეგ, მიამბე , ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”