... (W-27), XVII ს.

660. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისი კულა გავლენა გააკულადე

661. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნურა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულიმცა შენი კუდების შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების

662. ესე ესმა ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი მაგრა რა ვჰქნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად მოგეჴმარო რაცა გინდი

663. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონთანა ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღურიდი

664. შიგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა მაგრა საქმე არ მოჰჴდების ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდევ ვინმც მეფერა გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა

665. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჴამ ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი სისხლისა ცრემლსა ფერებად მაგრა ჴელია მიჯნურთა რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი შესჯერდი კულა შეჯერებად

666. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მომიმონდეს ჴამს მამაცი გაგულისდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს

667. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად მე სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მისჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე გავუშვივარ დავდგე მე რად მას თუ დავჰთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა მე რად

668. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა მართებს ჩემსა ზრდილსა მოვჰკუდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქ ქნილსა ამაზედა იტირებდი დაიდებდი თუალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე მიწერილი

669. დაჯდა წერად ანდერძისად საბრალოსა საუბრისად ჰე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მამდებრისად შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად

670. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყუარესა მოყუარულსა მე სიტყუასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლათქმულსა სიცრუე და ორპირობა ავნებს ჴორცსა მერმე სულსა»

671. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა მე რად გავწირო მოყუარე ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგუეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა

672. წაგიკითხავს სიყუარულსა მოციქულნი როგორ სწერენ ვით იტყუიან ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ სიყუარული აღგუამაღლებს» ვით ეჟუანი ამას ჟღერენ შენ არ ჯერხარ უსწავლელნი კაცნი ვითმცა შეაჯერენ

673. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა მძლევად მტერთად ვის აქუს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვინ სამზღუარსა დაუსაზღვრებს ზის უკუდავი ღმერთი ღმერთად იგი გაჰჴდის წამისყოფით ერთსა ასად ასსა ერთად

674. რაცა ღ~თსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭურეტელი ია ჴმების ვარდი ჭკნების თუალთა ტურფა საჭურეტელი უცხო რასმე იამების მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით გეთნების

675. რაზომცა სწყრები შემინდევ შეცულა თქუენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყუექნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასულა იყო წამალი ჩემთა საჴმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა ყოფამცა მქონდა ნებისა

676. არას გარგებს სამძიმარი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მამავალი საქმე ზენა წესი არის მამაცთაგან მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუცს ხორციელსა განგებისა გარდავლენა

677. რაცა ღ~თსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამჴდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქუენვე გუნახუნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად მას რა ვარგო ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად

678. მეფეო ესე თათბირი მომკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასულამან თქუენ ჩემმან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა პირისპირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა