... (W-27), XVII ს.

621. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით გათნიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი ეგეთიო ამიკლებს და ანუ მამკლავს ეგე სიტყუა ვითა სთქვიო სჯობს სიკუდილი აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწურთიო

622. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად მოღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩუენნი დაგუთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

623. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ჴამს თუ დანა გულსა ვიცი ჰე ვაზირო შეგეტყობის სიყუარული არ თურ იცი ანუ სხუაცა არ გიკითხავს მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი

624. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

625. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ჴელსა რასა მჴდიან აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვეტლად ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავსტეხო კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმცა გარდუჴდიან

626. ჰე ვაზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ჴამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიჴდი ცრემლთა მისთა ჯეონიცა თუალთა მდინდეს მომეჴმარე ნუთუ ჩემგან მოჴმარება შენცა გინდეს

627. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად ვითა მნუკევს ეგრე დავსთმო გული ცეცხლსა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად თქუი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად

628. ვაზირმან თქუა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაქარდების ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა ზოგი თქმითა დაშავდების ვიტყვი მოვჰკუდე არა მგამა ჩემი მზეცა თქუენ მოგჴუდების

629. რა ვაზირმან ესე უთხრა ადგა დარბაზს გაემართა მეფე დახუდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა

630. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხუელ შეჭირვებული მან ჰკადრა არა ვიცი მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმათ ამბავი გაკუირვებული

631. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მეტს და არცა დიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

632. რაცა იცოდა ყუელაი ჰკადრა მოშიშრად ენითა კულავ მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა თუ როგორ მყოფი მინახავს თუ როგორ ცრემლთა დენითა მართალ ხართ თუმცა რისხუანი ჩემთვის იანასდენითა

633. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაუცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუძახა რა სთქვის შმაგობ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა

634. ვითამც რამე სიხარული საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იჴმარე აწ მაგისად ჩემად კადრად ეგზომ შმაგი არ ვაზირად არად ვარგხარ არცა სხვად რად

635. ჴამსა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს ოდენ სიტყვუა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემან ქედმან მიიქედნეს

636. კულავ უბრძანა თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან თავსა მოგკუეთ არად უნდა ამას ცილი აწ უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქმნილი

637. დადრკა სკამნი შემოსტყორცნა ჰკრნა კედელსა შიალეწნა დააცდუნვა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვით მიამნბე წასულა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირისა ცხელმან ცრემლმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა

638. ვაზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იწრწინვებს გამოძურწა და გამომელდა გულსა წყლულსა მიიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს

639. თქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა კულაღა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან რაძი ვითა გაისვენოს

640. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო არ ვიცი აწ გავხე მე მაშავითა ვაი კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა