ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

525. შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე; მზე ვეღარას იქს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდეგ, დღე გიჩანს წინ საომარე! ანუ გამწირე, მიტყუე და კულავცა მომიცდომარე?”

526. მე მეწყინა, აღარა ვთქუი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუვყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა უნდი! ქალი ომსა როგორ მაწუევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” შინა მოველ, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

527. ასსა უბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით” შევსხედით, გავლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შეველ, სასიძო ვითა წუა, ზარამც თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, ვით ჴამდა სისხლისა დენით.

528. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერჴთა მოვეკიდე, თავი სუეტსა შეუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჴვდა საარაკე, ცხენსა შევჯე, და წამოველ; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

529. ჴმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი. წამოველ, წევნა დამიწყეს; დავჴოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მაშიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი.

530. კაცი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყუელასა: აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შუელასა” არ გაწყდა მოსულა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა სცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.

531. ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; ვნახე სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცუალე სიხარული სიმძიმილად?

532. “ხუარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკუდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

533. მე შეუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თუ არ რად მიშლის სიკუდილსა ცეცხლი სირცხუილთა ალისა? მაგრა თუით იცით, ჴელმწიფე ჴამს მქმნელი სამართალისა, მე თქუენმან მზემან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალისა.

534. იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია! ერთი ღა მე ვარ მემკუიდრე; ყუელაი თქუენ მოგხდომია, ამოსწყდა მათი ყუელაი, მამული თქუენ დაგრჩომია; სამართლით ტახტი უჩემოდ არავის მისაჴდომია!

535. ვერ გათნევ, თქუენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხუარაზმშა დასუა ჴელმწიფედ, დამრჩების რა ნაცუალია? სხუა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ჴრმალია?!

536. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე, ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხურიდე, სხუას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე”.

ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგუის ცნობა

537. ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკენ რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

538. გამოჩნდეს ორნი ქუევითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყუა ერთსა მონასა, ვსცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, აღარცა გამიცინა რე.

539. იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით უხმე: «რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგუდაგნა?» მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყუანი გამოაგნა; მითხრა: «ღმერთმან სიმგრგულე ცისა ჩუენთვის რისხუით წამოგრაგნა!»

540. ახლოს მიველ, კულაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქუი მართალი!» კულავ საბრალოდ ამიტირდა, კულავ მამიდვა ამით ალი, დიდხან სიტყუა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებევდა სისხლი ღაწუთა ნაწუეთალი.

541. მერმე მითხრა: «მოგაჴსენებ, ესე რადმცა დაგიმალე? მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხუეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე»

542. “მიამბო: «ოდეს სასიძო მოკალ და ჴმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიზახნა: «მიხმეთო», ჴმა მაღლა გაჴმამყივარდა, მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.

543. კადრეს: აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან. მეფე ბრძანებს: «ვიცი, ვიცი; მეტად კარგად შემიგიან; მას უყუარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ შეხედვა ვერ დათმიან.