ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

482. “ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამას ორსა.

483. “ვთქვი, – რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მჴეცი?– ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

484. “ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

485. “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა დავაპირე შეტევება, ვთქვი, – წავიდე მათკე მე,- წა!– ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

486. “ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ჴმასა და ხრიალსა, ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

487. “ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. ვუთხარ: “მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ისც ხე!”

488. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა, მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა, თვალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცჴელი გარდმოთოვა”.

489. ვა-გლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!” მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად! იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად!– აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”–

490. “ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული! შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული, სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული!”

491. “წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს ვუთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ-ა, ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა, მაშა რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა.

492. “არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, ენა, გონება მაჴმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოფელი წამისად”.

493. “მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობს ღა ამას რომელი: მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი, ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი.

494. “ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდაჴდა აწ მაგა შენთა ჭირთა და ვალთა!”

495. “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა: “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორემლხენოდეს, უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

496. “რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი, მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლი შეუშრობელნი.

497. “მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, – სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

498. “მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

499. “მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა: “ჰხედავ, – პირი-მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი, ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი, თვით ამანვე მოგაწონოს სახედნობა, სიფიცხენი”.

500. “ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

*