ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

501. “ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე, რომე არა არ დამირჩა ჴმელთა ზედა, ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა, თავი მჴეცთა დავადარე.

502. “ვთქვი, თუ: “ჩემგან აღარა ჴამს სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მჴეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!”– მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა: ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

503. “აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცჴელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”. რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, მითხრეს: “ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

504. “უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა, ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა” თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა!”

505. “ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

506. “ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, – დევთა შეეკაფნეს შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერ-რას ვერ მეხაფნეს, მათ მონანი დამიჴოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

507. “აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები ჴელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არ-რასას არ ვეცდები!

508. “რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულ-თქვამს, ზოგჯერ ახავს, რათგან თავი არ მომიკლავს, ჴრმალი ცუდად მომიმახავს.

509. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა, ლალი ქარვად-გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა– ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა–, მერე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა...

IV. კარი მეოთხე. ტარიელის ძმად–შეფიცული ავთანდილის დაბრუნება არაბეთს და კვლავ გამოპარვა ნახვად ტარიელისა. ავთანდილისა და ტარიელის ძმად–შეფიცვა. – ავთანდილის დაბრუნება არაბეთს, ნახვა შერმადინისა, როსტევან მეფისა და თინათინის და ტარიელის ამბის მბობა. – ავთანდილის განცხადება თინათინის წინაშე, რომ იგი უნდა დაბრუნდეს შველად ტარიელისა, და თინათინის ნება-რთვა. – ავთანდილის ცდა მეფის ნება–რთვით წასლვისა. ვაზირის მოციქულობა და მეფის უარი. – ავთანდილის ანდერძი მეფის წინაშე და გაპარვა. – გლოვა როსტევან მეფისა

510. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან,– აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

511. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მომეთმინების თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისა კადრება ნუ გეწყინების, შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

512. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

513. “რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი: ასი გმართებს გაგონება, – არ გეყოფის, – არ ერთჴელი! კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცჴელი.

514. “იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

515. “რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო, კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

516. მან მიუგო: ”უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუ მქარდი! ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

517. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს, თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

518. ამაზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

519. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა. – რა გათენდა, წამოვიდა, – აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა, - რა ქმნას, - ამას ვერ მიმხვდარა ავთანდილცა ჩატიროდა, – შამბი შიგან ჩაიარა.