ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

464. ნავითა გავე, – ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა, არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო-და!– დამეზაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ნადირობდი და ვიზახდი, ჴმა ჩემი არავის ჰრიდოდა.

465. “მართლად იჯავრეს, – წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა, თვით ბიძა-ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

466. “მათი მესმა, დავინახე ზახილი და ჴრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთჴელ ვა! ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

467. “კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს. იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს, არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, ჴრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

468. “მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანა-მყოლნი ყველაკანი დამიჴოცნეს, დამრჩეს მუნვე, ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.

469. “აწ იგი იქმნას, რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!”

470. “ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა. მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიჴოცნენ იგი მუნ და, ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”

471. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ჴრმალსა და სალტე-კოტასა.

*

472. მოჯობდა, ომი შეეძლო, ჴმარება ცხენ-აბჯარისა დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა. – კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!– აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

473. “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!

474. “კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ჴელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქი, – დავჴოცენ, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა. – ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდეს, მაქებდეს, არ მაძაგესა.

475. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად-მზე, იგი ალვისაც ხენია.

476. “თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხმრლითა ჩამოყარნა, ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, – იგი ასრე ასაპყარნა, მოიყვანნა მჴარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

477. “მათნი ლაშქარნი გაგვექცეს, – ვეცენით, გაცავფანტენით. ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით. ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით. – მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით!–

478. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქვეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

479. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”

*

480. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე”, - ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, “ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

481. “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა. – ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ჴმელთა ზედა შავარდენსა - აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.