ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

486. კულავ გაგზავნეს სხუანი კაცნი სასიძოსა მოყუანებად, დაავედრეს თუ: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩუენად ნაბრძანებად”. მე მაშურალი, ნაბურთალი საწოლს შეველ მოსუენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.

487. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართუა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

488. შევჯეგ, წაველ, ბაღჩას მიველ, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით; ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვსჭურეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწუთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვკითხე; ჩემი სჭირდა მისულა ნდომით.

489. იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემაცინის, აღარ ეგრე გამიღიმდა. ყოლე სიტყვა არ მამიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწუიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

490. ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყუანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შეველ, ვნახე იგი მთუარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, გულსა შუქნი შემამადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

491. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო მე მივეც რიდე რომელი; მითვე მწუანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღუარსა მოეცუა პირი, ელვათა მკრთომელი.

492. ქუე წუა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე გუანდა, არც მთუარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსუა შორს-გუარად გულსა მე ლაჴუარ ხებული, მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით, გამწყრალი, გამეხებული.

493. მიბრძანა: “მიკუირს, რად მოხუე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცუალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა მი ცისა!” ვკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?”

494. ვთქუი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?” კულაცა მითხრა: “რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიაცურად რად მოვღორდი, მე დაუწუავ ამით ალსა!

495. შენ არ იცი ხუარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყუანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, ღმერთმან ქნას და დაგირჩინოს ცუდად შენი ჴელოვნება!

496. გახსოვს, ოდეს “ჰაი ჰაი ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსავე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუვესა ნეტარ სხუანი რამცა გვანდეს, რადგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

497. ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქუს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგუანან ტყუვანსა და შენ აგეთსა!

498. ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაყო; თუ ეცადო დაყოფასა, ჴორცთა შენთა სული გაყო! სხუა ჩემებრი ვერა პოვო, ცათამდისცა ხელი აყო!” ესე სიტყუა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქუნა, აჰ ყო.

499. ვთქუი: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის მეტად, კულავ მიეცა თუალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭურეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალვარ, რად ვარ რეტად? ვაი, სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხურეტად?!

500. შევხედენ, ვნახე სასთუნალს მუსაფი გაშლით მდებარე, ავდეგ, ავიღე მე ღმრთისა და მერმე მე მათი მქებარე, ვკადრე თუ: “მზეო, დაგიწუავს, ჩემიცა დაწუი მზე ბარე, რადგან არ მამკალ, პასუხი ერთია გკადრო მე ბარე.

501. რომე გკადრებ, ესე სიტყუა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლე ჩემთუის ნაშუქნია! თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა, არ მიქნია; მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქუიო”, თავი დამიქნია.

502. კულაცა ვჰკადრე: “მე თუ, მზეო, შენთუის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხუა მისი ზეცით ჩემთუის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს! მაშა მაშინ როგორ დავრჩე, რა ლაჴუარი გულსა მეხოს!

503. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ, მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ მაგრობა.

504. მემცა დაშლა ვითა ვკადრე, რადგან იგი ვერ მიმხუდარა, არ იცის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამჴდარა? ერთი მე ვარ მემამულე, სხუასა მართებს არად არა, ვის მოიყუანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა!

505. ვთქუი: “ამითა ვეღარას ვიქ, ღონე სხუა რა მოვიგუარო”; თავსა უთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ გუარო! მედვა გული მჴეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივსცე თავი შენი, შენვე რად მე არ წამგუარო?!”