ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

506. სულთა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წუიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა?!

507. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა, მე და შენ ვიჯდეთ ჴელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე რძლობასა”.

508. მოლმობიერდა მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული; ახლოს დამისუა, მაღირსა აქამდის არ ღირსებული; ანუ მზე იყო ქუეყანად, ან მთუარე პირ გავსებული; მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი, ამითა გზებული.

509. მიბრძანა თუ: “გონიერი, ჴამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგუაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და ისი წაიკიდოთ, ინდოეთი გარდაქარდეს.

510. კულავ თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთავს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩუენ პატიჟნი გაგუიასდენ, ესე ამბვად არ ეგების, რომე სპარსნი გაგუიხასდენ”.

511. მე ვკადრე: “ღმერთმან აშოროს მას ყმისა შენი ქმარობა; რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გმირობა; უჩუენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავჴოცო, შეეძლოს აღარა არ საჴმარობა”.

512. მიბრძანა თუ: “ჴამს დიაცი დიაცურად, საქმე -დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად, ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად.

513. ასრე ქენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო” მისთა სპათაცა ნუ დაჴოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, სისხლი კაცისა უბრალო კაცმანცა ვით იტუირთაო!

514. იგი რა მოკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა; ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკუიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეჴსნები, გაგიჴდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

515. ჩემი ყოლე ნურა გინდა სიყუარული, არცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხუეწა, შემოკდომა, ჴელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

516. ესე მეტად მამეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაცადე დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქუევე წუევა, მწადდა, მაგრა ვეღარა ქნეს შეჭიდება, შემოხვევა.

517. ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავჰხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღუა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასულა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი”.

ხუარაზმას შვილის ინდოეთს მოსულა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა

518. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო” , მოსულა გუახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიხუდა სიამე, არ სიტყუა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისუა, “მოდიო”, თავი დახარა.

519. მიბრძანა: “ჩემთუის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიჴადოთ ქორწილი, ჴამს ვითა დარეულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხუად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.

520. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამამხმელნი; სასიძოცა მოგუივიდა, იყუნეს ხანსა არ დამზმელნი; შიგნით ჩუენნი გაეგებეს, გარეთ მოდგეს ხუარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდა ვერცა ველნი.

521. მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისუენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახუად გავიდენ უშენოდ სხუანი სპანია, შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახუისა კმანია”.

522. მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდაჴდა, დღე გუანდა არ აღუსებისა, შეიქმნა გასულა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ თემად დას დასებისა.

523. მე დავშუერი, ვითა წესია საურავ გარდაჴდილისა; შინა წამოველ მაშურალი, ქნა მომდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მამართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: ადრე მოდიო, გიბრძანებს მგზავსი ალვისა ზრდილისა”

524. “ცხენისაგან არ გარდავჴე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხუდა ნატირები, ვკითხე: “ცრემლსა რასა მილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავცილდი, გაუწყუეტლად ვით გამართლო? რაგვარამცა გავაქილდი?!”