... (H-403), 1818 წ.

605. მივედით მისსა ქალაქსა: ტურფასა მაგრა ცოტასა჻ გამოეგებნეს ლაშქარნი: ისხემდეს მისთვის ოტასა჻ პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს: ნახოკსა ვით ნაფოტასა჻ ეხვეოდიან ჰკოცნიან: ჴრმალსა და სალტე კოტასა჻

606. კვლავ მოვეწონე ვეტურფე: მე მისი გარდნაკიდარი჻ შემასხემდიან ქებასა: მზეო ხარ ჩვენთვის იდარი჻ მივედით ვნახეთ ქალაქი: მისი ტურფა და მდიდარი჻ ყველასა ტანსა ემოსა: ზარქაში განაზიდარი჻ მათგან მათს მეომრებზე჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება

607. მოჯობდა ომი შეეძლო: ჴმარება ცხენ აბჯარისა჻ დავჰკაზმეთ ნავი კატარღა: და რიცხვი სპათა ჯარისა჻ კაცი ჴმდა მისთა მჭვრეტთათვის: ღონემცა იაჯა რისა჻ აწ გითხრა ომი მოყმისა: მებრძოლთა დამსაჯარისა჻

608. მათი მესმა დაპირება: ჩაბალახთა ჩამობურვა჻ ნავი წინა მამეგება: არა ვიცი იყო თუ რვა჻ ფიცხლა ზედა შევეჯაჴე: მათ დაიწყეს ამოდ ცურვა჻ ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე: დაიზახნეს დიაცურ ვა჻

609. კვლავ სხვასა მიველ მოვჰკიდე: ჴელი ნავისა ბაგესა჻ ზღვასა დავანთქე დავჰჴოცე: ომიმცა რაღა აგესა჻ სხვანი გამექცეს მიმართეს: მათ მათსა საქულბაგესა჻ ვინცა მიჭვრეტდის უკჳრდა: მაქებდეს არ მაძაგესა჻

610. ზღვა გავიარეთ გავედით: შემოგვიტივეს ცხენია჻ კვლავ შევიბენით შეიქნა: ომისა სიმარცხენია჻ მუნ მამეწონეს ფრიდონის: სიქველე სიფიცხენია჻ იბრძვის ლომი და პირად მზე: იგი ალვისაც ხენია჻

611. თვით ორნივე ბიძა ძენი: მისნი ჴლმითა ჩამოყარნა჻ ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს: იგი ასრე ასაპყარნა჻ მოიყვანნა მჴარ დაკრულნი: ერთმან ორნი არ დაყარნა჻ მათნი ყმანი გაამტირნა: მისნი ყმანი ამაყარნა჻

612. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს: ვეცენით გაცავჰფანტენით჻ ფიცხლად წაუღეთ ქალაქი: არ თავნი გავაზანტენით჻ ქვითა დავლეწეთ წვივები: ჩვენ იგი გავანატენით჻ მამკალით ლარი დალიოთ: ან აკიდებით ან ტენით჻

613. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი: და ბეჭედნი მისნი დასხნა჻ თვით ორნივე ბიძის ძენი: დაპყრობილნი წამოასხნა჻ მისად ნაცვლად სისხლნი მათნი: მოღვარნა და ველთა ასხნა჻ ჩემი თქვეს თუ ღ~თსა მადლი: ვინ ალვისა ხენი ასხნა჻

614. მივედით მოქალაქეთა: ზარი ჩნდა რომე ზმიდიან჻ აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა: გულსა მუნ დააბმიდიან჻ მე და ნურადინს ყველანი: ქებასა შეგვასხმიდიან჻ გვითხრობდეს მკლავთა თქუენთაგან: ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან჻

615. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და: მიჴმობდეს მეფეთ მეფობით჻ თვით თავსა მათსა მონად და: ჩემსა ყუელასა სეფობით჻ დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს: ვეროდეს ვარდის მკრეფობით჻ ჩემი ვერ ჰსცნიან ამბავი: მუნ იყო არ იეფობით჻

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო჻

616. დღესა ერთსა მე და მეფე: ნადირობას გამოვედით჻ ზღვასა ზედან წაწურვილსა: ქედსა რასმე გარდავდეგით჻ ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე: ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით჻ ერთი რამე საკვირველი: მე ვნახეო ამა ქედით჻

617. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყვის: მართ ამბავსა ესოდენსა჻ დღე ერთ მწადდა ნადირობა: შევჯე ამა ჩემსა ცხენსა჻ ზღვასა შიგან იხვსა გვანდა: ჴმელთა ზედა შავარდენსა჻ აქა ვდეგ და თვალს უგებდი: ქორსა იქით განაფრენსა჻

618. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი: წავსდგომოდი ამა გორსა჻ ზღვასა შიგან ცოტა რამე: დავინახე თუცა შორსა჻ ეგრე ფიცხლად სიარული: არას ძალ აქვ მისსა სწორსა჻ ვერად ვიცან გონებასა: გავეკვირვე ამად გორსა჻

619. ვთქჳ რაა რასა ვამგზავსო: მფრინველია ანუ მჴეცი჻ ნავი იყო არ ეფარა: სამოსელი მრავალკეცი჻ წინა კაცნი მოზიდვიდეს: თვალი ამად დავაცეცი჻ მთვარე უჯდა კიდობანსა: ცა მეშვიდე მასცა ვეცი჻

620. ამოძვრნეს ორნი მონანი: შავნი მართ ვითა ფისანი჻ ქალი გარდმოსვეს სისხონი: ვნახენ მისისა თმისანი჻ მას რომე ელვა ჰკრთებოდა: ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი჻ მან გაანათლა ქუეყანა: გაცუდდეს შუქნი მზისანი჻

621. სიხარულმან ამაჩქარა: ამათრთოლა დაცამლეწა჻ იგი ვარდი შემიყვარდა: რომე თვალსა იახეწა჻ დავაპირე შეტევება: ვთქჳ წავიდე მათკე მე წა჻ ჩემსა შავსა სულიერსა: რამცა ვითა გარდეხვეწა჻

622. ცხენი გავქუსლე იქმოდეს: შამბი ჴმასა და ხრიალსა჻ ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს: რაზომცა ვსცემდი წრტიალსა჻ ზღვის პირსა მიველ შევხედენ: ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა჻ გამშორვებოდეს წამსლვოდეს: ამისთვის დავეწვი ალსა჻