ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

445. “ჴელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

446. “რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

447. “ზღვათავე გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა". დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

448. “რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!" საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

449. “მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია". სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

*

450. “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-შმაგდი,– რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

451. “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეჴოცა, ვთქვი თუ: “ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ყო-ცა".

452. “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმჴეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!–

453. “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი. – მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი. –

454. ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი. ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი,– არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი,– მუნ გარდავჴე მოსვენებად, – დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

455. “ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

456. “ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მყავს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთვალე : “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”

457. “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, – მე ჩავუსწარ, ჩავე წინა, ვუთხარ: “დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა!”, შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

458. “გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!” მერმე მითხრა: “მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, – საჭურველნი გარ ვერ ვითხენ”.

459. მე ვუთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა, არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა!” თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა. – მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა. –

460. “ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერე ვჰკითხე: ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა? საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

461. არის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე საზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, ცოტაა, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი.

462. “მამის-ძმა და მამა-ჩემი პაპაჩემმან გაყვნა ოდეს. ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკე დარჩა სანადირო,მივრჩოდი, მომერჩოდეს.

463. “დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკელი არ ვახშირე: სპათა ვუთხარ: “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! ” ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.