... (W-17), XVII ს.

546. მე დავშური ვითა წესია საურავ გარდაჴდილისა შინა წამოველ მაშურალსა ქნა მომდომოდა ძილისა მონა მოვიდა მამართვა წიგნი ასმათის ტკბილისა ადრე მოდიო გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა

547. ცხენისაგან არ გარდავჰჴე წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი ვნახე ნატირები ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო რაგვარადმცა გავექილდი

548. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბშერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კულაცა მომიცდომარე

549. მე მეწყინა აღარა ვთქუი ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომსა როგორ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მიველ მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

550. ასსა ვუბრძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შეველ სასიძო ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა თუცა ჴამს სისხლისა დენით

551. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ ჩავაქარაბაკე სასიძოსა ხელი მივჰყავ თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიზახეს გლოვა მიხუდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

552. ხმა დამივარდა შეიქმნა ძახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავჰჴოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მაშიგან შეველ მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

553. კაცი გავგზავნენ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მომართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გასწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემი რა სცნიან სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა

554. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღმერთმან იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

555. ხუარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკუდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე

556. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრა თვით იცით ჴელმწიფე ჴამს მქნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალისა

557. იცით ინდოთა სამეფო რაზომი სრასაჯდომია ერთაი მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ მოგჴდომია ამოსწყდა მათი ყუელაი მამული შენ დაგრჩომია სამართლად ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია

558. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არმართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია აწ იგი დასვი ჴელმწიფედ დამრჩების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ჴმალია

559. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხვრიდე სხვას მეშველსა გარეგანსა მომკალ ვისცა ვინატრიდე

ცნობა ტარიელისაგან ნესტანდარეჯანისა დაკარგვისა დავარ დის ხელმწიფისაგან

560. ესე კაცნი გამეგზავნნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკენ რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი თუცა თავი ვერ წავაგე

561. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი მე მივეგებე წინარე ქალი ჰყავს ერთსა მონასა ვცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავგაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე

562. ესე ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უჴმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგუდაგნა» მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღ~თმან სიმგრგულე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა»

563. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე რაშიგან ვართ თქვი მართალი» მართ საბრალოდ ამიტირდა კვლა მოედვა ამით ალი დიდხან სიტყუა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებავიდა სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი

564. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიხვეწე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღმერთსა შენსა მიავალე»