... (W-17), XVII ს.

430. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ჴაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭუ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴმალმან[ ..............]

431. მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მამართვა მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩუენ თქუენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგქვნია აწ ამად გულნაკლულობა

432. შევთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქუენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია აწ მოდით და შეგვებენით ვითა წესი და რიგია ჩვენცა თქუენად საომარად ჴელი ჴმალსა დამიგია

433. რა მივიდა მოციქული კულავცა რადღა გამოგზავნეს კუამლი შექნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შექმნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღმერთო ვერა მავნეს

აქა ომი ტარიელისა და ხვარაზმელთა მეფისა რამაზისაგან

434. შუბნი ვთხოვე ჴელი ჩავჰყავ მუზარადის დასარქმელად ატეხილი ვიყავ საომარად მათად გამტეხელად ერთსა წავსწუდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხუთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

435. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქუესა მუნ მივმართე მკლავმაგარმან სად უფროსნი ჯარი დგესა კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა ჴმალსა უთხარ ვაქებ მეტად ვინცა გლესა

436. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი ველი მძორთა ვერ იტევდა ცხენ კაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან შენატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყუიტე წინა კერძი რაზმი ორი

437. ერთობილნი მამეხუივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგნის სისხლსა მჩქეფრად დარდმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკუეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შექნიან ჩემი რიდი

438. საღამო ჟამ დაიძახნა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წავედითო კულავ მოგუხედნა რისხვით ცამან მოვა მტუერი საკუირველი შეგვაშინნა ამად ამან ვაი თუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან ბევრმან სპამან

439. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყუნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა იარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ჴმა გააზეარა

440. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩუენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმანერთსა გავეჴლმენით მისნი სპანი ყუელაკანი დავიპყრენით არ მოვჰკვლენით

441. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა მიხუდა სარჯლისა სანაცული ძილმკრთალთა ღამეთეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

442. მას ადგილსა ნაომარსა გარდავჴედით მოსვენებად ჴელსა ჴლმითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭურეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხუდარნი ქებასაცა მოხსენებად

443. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგნი შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ჴმლითა განაკვეთნი ნახეს მეტად გაუკვირდეს

444. გავგზავნენ ყუელგან ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავიცა ვაალაღებინე ჩემთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე

445. რამაზს უთხარ შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე ნუ ამაგრებ სიმართლეთა ჩემთვის გზანი ამოსთვალე არ მომისმენ თავიმც შენი მტვერსა შიგან შენ წასთუალე

446. რამაზ მითხრა აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაბატონე ციხუანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყუელაკასა გაღანამცა შენ გაქონე

447. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი ჩემსა წინა მოვიყუანენ ჴელთა მამცეს სიმაგრენი ომნი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგუანენ

448. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართუეს დაუმალავად ქუეყანა ჩავსხი უბრძანე იყუენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგწუენ იცოდით დაგყარენ გაუგვალავად