ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

503. მე მეწყინა აღარა ვთქუი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს, არ უნდოდი ვისცა უნდი ქალი ომსა როგორ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მიველ მოკლვა მისი, დავაპირე არ დავყმუნდი

504. ასსა ვუბრძანე მონასა, საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით კარავსა შევე იგი ყმა , ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა, თუცა ჴმდა სისხლისა დადენით

აქა ტარიელისაგან სასიძოს სიკუდილი

505. კარვის კალთა ჩახლათული, ჩავჭერ ჩავაქარაბაკე სასიძოსა ჴელი მივჰყავ, თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიხუდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

506. ჴმა დამივარდა შეიქმნა, ძახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს, დავჰჴოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი

507. კაცი გავგზავნენ ვაცნობე, ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მომართეთ ვინცაღა, ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გაწყდა მოსლვა მდევართა, ღამესა დია ბნელასა ჩემი რა სცნიან სცვიდიან, თავებსა მათსა მრთელასა

508. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი, მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე, სიხარული სიმძიმილად

509. ხვარაზმშას სისხლი უბრალო, სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა, მე რად არ შემაგებინე მე შენსა ბერსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკუდილამდის შენიცა, თავი არ მაახლებინე

510. მე შეუთვალე მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიშლის სიკვდილსა, ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრა თვით იცით ჴელმწიფე, ჴამს მქნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს, ნდომა თქუენისა ქალისა

511. იცით ინდოთა სამეფო, რაზომი სრასაჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, ყველაი თქვენ მოგჴდომია ამოსწყდა მათი ყველაი, მამული შენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემოდ, არავის არ მონდომია

512. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არმართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ჴმალია

513. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვჰფხვრიდე სხვა მეშველსა გარეგანსა, მომკალ ვისცა ვინატრიდე

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა

514. ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკენ რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე

515. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე ქალი ჰყუა ერთსა მონასა, ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავგაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე

516. იგი ვნახე დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა შორით უჴმე რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგუდაგნა» მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღ~თმან სიმგრგულე ცისა, ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა»

517. ახლოს მივე კულაცა ვჰკითხე, რაშიგან ვართ თქვი მართალი» კვლავ საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი დიდხან სიტყუა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებავიდა, სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი

518. მერმე მითხრა მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ, შემიხვეწე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე»

519. მიამბო ოდეს სასიძო, მოჰკალ და ჴმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახეს მიჴმეთო, ჴმამაღლა გაჴდა ყივარ და მოგნახეს შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა

520. ჰკადრეს აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი, მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღურიან რა ნახიან ერთმანერთი, არ შეხედვა ვერ დათმიან