ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

389. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი, სპანი შენთვის ასჯერ ათასობენ კულავ სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ

390. მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭურეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო მით გეთნევიან კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდენ, ათასნი ეგრეცა მოგერევიან

391. მას კაცსა ამოდ ვეუბენ, და მადლსა გარდვიჴდიდია რომე არ მოვკვდე შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი მათთანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ, მემცა ვარ განაკიდია

392. არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების, ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე, კაცი გზა თუცა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია

393. მე დილასა მოციქულთა, სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი, მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს, ქვემცა სადა დავიმალე

394. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე, ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემიც გაჰკუეთს ჴორცსა მათსა, ჴმალი ბასრი შუბი ვახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დაუსახე

395. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი, ჩუენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა ჩვენთა სიმაგრენი, ამისთვისცა რად დალბიან ვინცა მოკუდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნათ ხატაელთა, ჴმალნი ცუდად რას გვაბიან

396. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ჴაფითა დავეკაზმენით საომრად, ჯაჭუ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე, წავე დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩვენი მებრძოლი, ჩემმანვე ჴმალმან დაფითა

397. მივეახლენით შეგვატყვეს, მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მამართვა, მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია, ჩვენ თქუენი არ ორგულობა აბჯრითა გნახეთ შეგქვნია, აწ ამად გულნაკლულობა

398. შევსთვალე თუ მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა თათბირობდით, არ იქმნების არ იგია ბრძანეთ მოდით შემებენით, ვითა წესი და რიგია მეცა თქვენად დასაჴოცლად, ჴელი ჴმალსა დამიგია

399. რა მივიდა მოციქული, კულავმცა რადღა გამოგზავნეს კუამლი შექნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს შექნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა ღმერთო ვერა მავნეს

400. შუბნი ვთხოვე ჴელი ჩავჰყავ, მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი, ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწუდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხუთა რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად

401. ახლოს მიველ შემომხედნეს, შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავმაგარმან, სად უფროსნი ჯარი დგესა კაცს შევეც ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ, ვაქებ ჴმალო ვინცა გლესა

402. შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენკაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან შენატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიტე ,წინა კერძი რაზმი ორი

403. ერთობილნი მამეხვივნეს, მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრად დარდმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკუეთილი, მანდიკურად გარდავჰკიდი სითაც ვიყვი გამექციან, მათ შექნიან ჩემი რიდი

404. საღამო ჟამ დაიძახნა, ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წამოდითო, კვლა მოგუხედნა რისხვით ცამან მოვა მტუერი საშინელი, შეგვაშინნა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგუწყვიდნეს, უთვალავმან ბევრმან სპამან

405. ჩემნი ლაშქარნი რომელნი, წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყუნეს, ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი,და არე მთათა იარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ჴმა გაიზიარა

406. იგი ნახეს გასაქცევლად, გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეჴლმენით მისნი სპანი ყველაკანი, დავიპყრენით არ მოვჰკვლენით

407. უკანანიცა ლაშქარნი, მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა, შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხუდა ნაცუალი, ძილმკრთალთა ღამეთეულთა ტყვეთა მთელთაცა არ აკლდა, კვნესა მართ ვითა სნეულთა

408. მას ადგილსა ნაომარსა, გარდავხედით მოსვენებად ჴელსა ჴლმითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან, საჭურეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხუდარნი, ქებასაცა მოხსენებად