ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

483. არ დავიჯერებ მე შენსა,ღალატსა ორგულობასა უარის ქნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და, მორჭუმით ინდოეთს ფლობასა მე და შენ ვიჯდეთ ჴელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა

484. მე ღ~თისაებრ მომიტკბა, გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირგავსებული ახლოს დამისვა მაღირსა, აქამდის არღირსებული მეუბნებოდა დამივსო, ცეცხლი ამითა გზებული

485. მიბრძანა თუ გონიერი, ჴამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგვიმწარდეს შენ და ისი წაიკიდოთ, ინდოეთი გარდაჰქარდეს

486. კულა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩუენ პატიჟნი გაგვიასდენ ესე ამბვად არ ეგების, რომე სპარსნი გაგუიხასდენ

487. მე ვჰკადრე ღმერთმან აშოროს, მის ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალგული, და ჩემი მეომარობა ასრე დავჴოცენ შეეძლოს, აღარას არ საჴმარობა

488. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი, დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ, მისთა სპათა აუწყუედლად ქნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად

489. ასრე ქენ ჩემო ლომო და, მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დაჴოც, ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო, კაცმანცა ვით იტვირთაო

490. იგი რა მოკლა ეუბენ, პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ, ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკუიდრი მამული, არ მივსცემ არცა დარასა არ დამეხსნები გაგიჴდი, ქალაქსა ვითა ტრამასა

491. ჩემი ყოლე ნურა გინდა, სიყვარული არცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის, სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელმოტეხით, შემოხვეწა შემოკუდომა ჴელთა მოგცეს თავსა ჩემსა , შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

492. ესე მეტად მამეწონა, თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაქადე, დასაჴოცლად ჴმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევა წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე, შეჭიდება შემოხუევა

493. ხანი დავყავ გავეყარე, მაგრა გავჴე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასულა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი

494. გარე ვაქციე ასმათი, მუნ ჩემი ჩამოყოლილი ღამით უჭვრეტდი ვარსკვლავთა, მე საწოლს ვერ დაწოლილი გულსა დამესვის ლახვარი, შავთა წამწამთა სროლილი მისმან შუქმან დამალურჯა, დამალება დამდვა წყლული

495. მოვიდა კაცი სასიძო, მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღ~თი რას უზამს, არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხუდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისუა, მოდიო თავი დახარა

496. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე, ლხინი და სიხარულია გარდავიჴადოთ ქორწილი, ჴამს ვითა დასასრულია კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ, ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია

497. მე გავგზავნენ ყოვლგნით, კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არდამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ,ვერ იტევდეს ვერცა ველნი

498. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ, კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან, დაჰყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ, უშენოდ სხვანი სპანია შენ აქა ნახენ კმარიან, იქა ნახვისად კმანია

499. მოედანს დავდგი კარვები, წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდაჴდა, დღე გვანდა არ აღვსებისა შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა დაიწყო დგომა ლაშქართა, თემთემად დასდასებისა

500. მე დავშური ვითა წესია, საურავ გარდაჴდილისა შინა წამოველ მაშურალსა, ქნა მომდომოდა ძილისა მონა მოვიდა მამართვა, წიგნი ასმათის ტკბილისა ადრე მოდიო გიბრძანებს, მგზავსი ალვისა ზრდილისა

501. ცხენისაგან არ გარდავხე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხუდა ნატირები, ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრობილი, ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავექილდი

502. შევედით ვნახეთ ბალიშსა, ზედა წარბშერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა, დღე მიგჩანს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე, და კულაცა მომიცდომარე