ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

493. “წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთუარე განცხრებოდა, სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

494. ქება არ ითქუმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გუარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძუარითა.

495. საშობელი გაიყარა, ზრდა დაგუიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე გუანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. უყუარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

496. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა; თქუა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკუდილისა დღე დასტურ-ა.

497. მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ჴმობილი. შუიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთუარისა მგზავსი,მზისაგან შუენებით არ-შეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!

498. იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესულა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა, მამასავე ჴელთა მიმცეს; რა შევიქენ ამა ზომსა, ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვჴოცდი ლომსა.

499. მეფემან კოშკი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქუად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, თუალისა, პირსაა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა; მუნ იზრდებოდის, მედების ვისგან საჴმილი ალისა!

500. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქურივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თუით მეფემან მისცა შვილი.

501. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ყუან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

502. თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყუი მას წინაშე, გამიშუებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თუალად მზესა, ტანად ვგუანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა.

503. რა მინდორს შევჯდი, ზარითა ჴმა იყუს ბუკთა ცემისა; თანა მყუის სპისა სიმრავლე მგზავსი ფუტკრისა რემისა; ჭურეტად ქალ-ყმები დაჯრილა, დგას თემისა და თემისა; ვინ მნახის, ეყუის ერთ წლამდის კუეხა ნახუისა ჩემისა.”

504. მოსრნის მჴეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან, მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბალახშეულმან!

505. მამა მომიკუდა, მოვიდა დღე სიკუდილისა მისისა; ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.

506. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყუანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

507. აქ გლოვა ტარიელისგან, სიკუდილი სარიდანისა, იგ სრულ შავითა შემოსვა მის ლომ ნაკუეთის ტანისა, იგ გლოვით გამოსასულელად პატიჟი ფარსადანისა, აწ დაბადება ქალისა მთუარულებ მონავანისა.

508. ჩვენ უფრო გუტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: “შენ გქონდეს ამირბარობა, ქნა მისვე საურავისა”.

509. “ავტირდი, დამწვეს მამისა საჴმილთა დაუშრტელთა; უკანით გამომიყუანეს ხასთა მათ წინამდგომელთა; გამოსლვისათუის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა. შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

510. თუალთა ჩემათა ცხელი ცრემლი აწინდლისა უფრო დიან; წლისა ჭამა გარდვიხადე სიმძიმილსა მითხრობდიან; ასრე გავოე ჩემი ჯარი, არ დარჩების იტყოდიან, ზოგნი სტირან მამისათუის, ზოგნი ჩემთუის ტიროდიან.

511. თუით საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივ- მცემდეს ძისა დარად. მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად. არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყუანი მცეს ამირბარად.

512. თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხუათა; ვნაპიროდი, თუ ვინ იყუის მავნებელი ჩემთა სპათა, ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქნი მღერა- სმათა; სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქუიან ჩემთა ქნათა.”