ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

628. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთუალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები; ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

629. მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქუელანი თანა წამომყუეს, წაცაველ, დავყარენ სპანი ყუელანი, დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მამდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შუელანი”

630. სამ დღე ვიარე, მემთხუია სხვა კაცი მისვე ხანისა. კულავ ეძღუნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა კულავ ძღვნობა ამისთანისა”.

631. კულაცა ეთქუა: “მართალია აზომ ჩემი მონახსენი, მე თუით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქნა მეცა თქუენი, ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი, ვიყუნეთ ვითა მამა-ძენი”.

632. მუნით წასული ჩამოვჴე ტევრისა რასმე კიდესა; კულავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღუნად ჩემთუის მოზიდვიდესა. “შენსა ნახვასა მეფენი”, თქუეს, “მართლად ინატრიდესა”.

633. კულაცა ეცნა მოციქულთა, მოსულა წინა გაეგება; გარდაჴდეს და თაყვანი სცეს, სხუაგნით სხუათა კადრეს ქება: კაცმან ვითმცა ეშგიშალოს, რაცა გინდეს თქუენი ნება, რად გუიწყრებით შეუცოდრად, ეგე საქმე ვით ეგება?“

634. გაგუეხარდეს ესე თქუმანი, ვიხარეთ და ვინადირეთ, ქორითა და ავაზითა უცხო სულნი დავიჭირეთ; მჴეცნი მოვსრენ მახუილითა, ჩუენნი მბრძოლნი ავატირეთ, ვლაღობდით და ვთამაშობდით, სწრაფად მოსლვა დავაპირეთ.

635. მითხრეს: “მეფე მოგაჴსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხუალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მზირები, მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწუნეს ვით მაყრები.

636. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წაჴდების: ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: დიდი მაცო თქუენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიჴდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქუენი არ იქნების.

637. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქუენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი; მკუდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყუელასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

638. შემიგნია იგი კაცი შენთუის კარგსა არ არჩევენ, მოციქულთა მოგზავნილთა საღალატოდ შეგიჩუევენ; ილათითა მიგიყუანენ, უკან სპათა მოგაწევენ, სასიკუდილოდ მონდომიხარ, აგრე ფიცხლად მით გაწუევენ.

639. ეს ვინმე კაცი აფრთხილობს ტარიელს ღალატისაგან: ეგ არ იქნების აროდეს ლომი შეშინდეს თხისაგან! მე კარგად გამაჩვენეო, გაგზავნილია მზისაგან, მოყმე, მხნე, ლაღი უებრო აქ არ შეირცხვე ვისაგან.

640. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ

641. მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭურეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხუევიან. რა ერთსა გცემდეს ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

642. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიჴდიდია: “რომე არ მოვკუდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

643. მას კაცსა დია უმუქფე, ვერვინ თქუას ჩემი ბარობა სიგლითა მივეც მამული, არ ვქენ მიუმხუდარობა ინდოეთს ციხე მაღალი, ყარყუმს მთა და ბარობა ჴელი ჩაურთე უბოძე ინდოეთს ამილბარობა.

644. არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქნების, იქნების, ყოვლი თათბირი სწორია. მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია, შევსთუალე: “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

645. მე დილასა მოციქულთა სიტყუა ტკბილი შევუთუალე; რამაზს ჰკადრეთ: “მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. ნახევარ დღე სხუა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მამკლავს, ქუემცა სადა დავიმალე!

646. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტუერი დავინახე; ვთქუი თუ: “მოვა რამაზ მეფე; მას მოუდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკუეთს ჴორცსა მათსა ჴრმალი ბასრი, შუბი ახე”. მაშინ უთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დაუსახე.

647. ვთქუი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩუენ ღალატსა გუიდგებიან, მკლავთა თქუენთა სიმაგრენი ამისთუისმცა რად დალბიან! აწ შევებნეთ ხატაელთა, ჴრმალნი ცუდად რას გუაბიან?” ვინცა მოკუდეს მეფეთათუის, მათნი სულნი ზეცას რბიან.