ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

454. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად. მე თუ ვიტყუი, დამწუავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად”

455. ასმათ უთხრა: “ცრემლი, ლომო მაგა ცეცხლთა რა ერგების! მე ვითა ვთქუა წუევა თქმისა, რადგან ეგრე არ ეგების; ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთუის წაეგების, ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქნას, რა ღონე აეგების.

456. ეხვეწებოდა, ლამოდა მისგან რასამე სმენასა; ნუთუ ყოს ღმერთმან გაძლება, მემცა ვით მივსცე ენასა! თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქუენსა რასამე ლხენასა. არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

457. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწუარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: “მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული კულავ ესე ყმა მწუავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

458. “კაცმან ვით პოოს, ღმერთისაგან რაცა არ დანაბადია! მით გული ჩემი საჴმილმან აწ ასრე დანაბა დია, კულა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია; აწ ლხინთა ნაცულად სოფლისა ჩალა მაქუს და ნაბადია.

459. მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მამცა ამა გზითა; პირველ შეყრის მოყუარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, კულა ნუთუმცა სრულად დამწუა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა.

460. მას დღესა ლომი ტარიელ შუებითა აივსებოდა; ჴელითა ჴელთა მოზიდვენ, ერთმანერთს ეუბნებოდა; მათთა შემხედთა მათთანა ლალიცა უმტუერდებოდა ჰგავს, თუ მაშრიყი შუქსა ფენს, მზე მათთუის გაივსებოდა.“

461. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა ანუ, თუ დაცა იდოს, ჴამს თუ, მისთუის სიკუდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს: ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს”.

462. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკუდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკუანე”.

463. ღილ ჩაჴსნილი საამბობლად დაჯდა, მჴარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გააჴუნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოღუარნა.

464. მოთქუამს: “ჰაი, საყუარელო, ჩემო, ჩემთუის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკუეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო, ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწუა, გულო, ასჯერ დადაგულო!”

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო

465. ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ნათქუათა სმენასა, საუბართა და სიტყუათა, ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა; იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შეუცავ სევდათა, სისხლისა ღუართა დენასა.

466. ინდოეთს შუიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექუსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თუით იყო მპყრობელი, უხუი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი

467. მამა ჩემი ჯდა მეშუიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქუა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ კადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშუებდის საწუთრო გაუმწარავი.

468. ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქუა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისჴმან, მორჭმით ვზი, მაქუს ზეიმი და ზარები; ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები.

469. “ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა. შესთუალა: “შენ გაქუს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქუენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.

470. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთუალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ჴმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ქენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

471. კმარის ღმრთისაგან ჩემზედა წყალობა აწ ამდენანი, შეგუეწყევ დიდი ჴელმწიფე, დასცხრეს მოციქულთ დენანი; ავისა მქმნელსა რას არგებს აწყა აწ ან მანდ დენანი! მშუილდმან ისუენა, ჩაეგნეს ჴრმალნი სისხლისა მდენანი.“

472. მოვიდა კაცი მეფისა, იგი დღე - ღამე იაროს; სარიდან კადრა მეფემან: “ დავედრე, წამოიაროს; თუ ვინმე ყუანდეს მოსარჩლე, ვარგულად გაეზიაროს, სხუად კიდე ნუ დაიყოვნის, ფიცხლად უდგმულოდ იაროს.“