ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

414. ქალმან უთხრა: მოგცა, ყმაო ჟამად ღმერთმან, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ქენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არავინა; ნუთუ ვით რა მოვაგუარო, შენი ნახუა არ ეწყინა”.

415. ავთანდილ ქალმან დამალა ქუაბსა დამალვით მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, შუენოდა კაპარჭ ჴრმალითა, ატირდეს მაღლა ცრემლითა, ზღუათაცა შესართავითა, ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა ჭურეტითა იდუმალითა.

416. ამარტის ფერად შესცუალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყუანა მან, დადუმდეს, ცრემლნი მოკუეთა შავმან გიშრისა დანამან.

417. ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა, ტყუე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქუეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მაზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქუამს ჭირ მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

418. მან ქალმან ჴელყო კუესითა გზება ცეცხლისა ნელისა. ეგონა ჭამა ჴორცისა შემწურისა, შეუქნელისა; მიუპყრა, ერთი აჴლიჩა, ქნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

419. ცოტად მიწუა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეჰკრთა, დიდნი დაიზახა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალერ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭურეტი.

420. მოახსენა: “რად დაბრუნდი,” “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ყუეს ლაშქარნი უთუალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩუა მარე კიდა.

421. სევდად მეცა კაცთა ნახუა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მიუველ ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე; მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. თქვა: ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხუალე”.

422. ქალსა ცრემლნი გარდმოსცუივდა ას ნაკეცნი, ბევრის ბევრად; მოახსენა: “მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?

423. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოჰკუდე და იგი წაჴდეს, ესე შენთუის რა მადლია?”

424. უბრძანა: “დავო, ეგეა მგზავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქუეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ აქუს პოვნა კაცისა, თუით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკუდილი, გაყრა ჴორცთა და სულისა.

425. ღმერთმან ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი სხუამცა რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ჴორციელი, დაო, მივის არასადა”.

426. ქალმან უთხრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რადგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიჴდია”.

427. მისი მძებლენი სჯობს იყო ჭკუვითა მეტის მეტითა; შენ კაცთა ნაცულად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა; სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭურეტითა. ვით იადონი არ მოკუდე ბულბული თესლთა კუნეტითა.“

428. ყმამან უთხრა: “რას მენუკუი, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! გაღანამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიჴადე”.

429. ქალმან კულავ ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრამ თუ კაცი მოგგუარო, მოგყუეს თავისა ნებითა, იგი გიახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა; ფიცე, არ მოკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა”.

430. უთხრა, : თუ დაო, არა ვარ სულ ცნობა დაკარგულია, მიჯნურობისა შმაგობით ჴელთა არა მაქუს გულია მაგრამ ცოტაცა კულავ ვიცი, რაცა რამ საკარგულია, ვინ ღირს ა კაცი გამოჩნდეს ჩემებრ თავ დაკარგულია.

431. მოახსენა: ვპოვე ვინმე მიჯნურობით გამოჭრილი, შენად ძებნად წამოსრული, დიდთა ჭირთა გარდაჴდილი; დაუგდია მისი მთუარე, ამად ქნილა ფერმიჴდილი; ნახო, აწცა ეკადრების მზისა შუქთა მისგან ცილი

432. ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყუარულმან მისმან, ვისთუის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას უზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყუარებ”.

433. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყუანებლად; არ ეწყინაო, უამბობს, არს მისად საგულვანებლად, ჴელი მოკიდა, მოყუანდა, ვით მთუარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქუა მზისა დასაგუანებლად.