... (W-17), XVII ს.

410. დავაგდე მზღვარი ჰინდოთა გვევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია ხატაელ ზედა ხანია მოციქულობა მომართვა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენთქუენნი ინდოთა თხანია

411. შემამძღვნა რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი ეთქუა გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ არის შენგან არსაქნელი ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი მოურვებლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

412. რაცა შეგცოდეთ შეგვინდევ თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია ქუეყანა ჩუენი არ ასწყდეს რისხვით არ დაგვტყდენ ცანია თქუენ მოგცეთ ციხე ქალაქი მოგყუენ ცოტანი ყმანია

413. გვერცა დავისხენ ვაზირნი ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით არიან ერთობ მუხთალნი ჩუენ ერთხელ კვლაცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად არამცა ვივაგლახენით

414. ჩუენ ამას ვარჩევთ წავიდეთ კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გუეკიდნენ სცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყვნენ მიენდევ აფიცე ღთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი რისხუითა კვლა და კვლაცითა

415. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო ვსცან შენი დანაპირები სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვითკირები ლაშქართა დავჰყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

416. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქუელანი თანა წამომყუეს წაცაველ დავჰყარენ სპანი ყუელანი დავვედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მომდევდით მიშველდით გიჴმობ თუ მინდენ შველანი

417. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა კულავ ეძღუნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა კულავ ძღუნობა ამისთანისა

418. კვლაცა ეთქვა მართალია ეზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგებვი მესწრაფების ნახვა შენი შევსთუალე თუ დია ღმერთო ბრძანება ვქენ მეცა თქუენი ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამაძენი

419. მუნით წასული გამოვჴე ტევრისა რასმე კიდესა კულავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინ არაბულთა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა მეფენი თქუენსა ნახვასა თქვეს მართლად ინატრიდესა

420. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მაზრები მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვნეს ვით მაყრები

421. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყდა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიჴდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების

422. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქუენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკუდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყუელასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

423. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი შენთვის ასჯერ ათასობენ კულავ სხვაგან გითქს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

424. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭურეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხუევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან

425. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიჴდიდია რომე არ მოვჰკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ ავი თქუი ნუ გაქუს რიდია

426. არვის უთხარ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრამ სპათაკენ გავგზავნე კაცი თუ გზაცა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოვლეთ მოგრაგნეთ მთა და გორია

427. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს ქვემცა სადა დავიმალე

428. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვთქუი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემიც გაჰკვეთს ჴორცსა მათსა ჴმალი ბასრი შუბი ვახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

429. ვთქუი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისცა რად დალბიან აწ შევებნათ ხატაელთა ჴმალნი ცუდად რას გვაბიან ვინცა მოკუდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან