... (W-17), XVII ს.

294. მოთქვამს ჰაი ჰაი საყუარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო არა ვიცი ვინ მოგკვეთა ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

295. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა ნაუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქმნის მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავს სევდასა სისხლისა ცრემლთა დენასა

296. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მორჭმული უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

297. მამა ჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

298. ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები თქუა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხსმენ მორჭმით ვზი მაქუს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

299. ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქუს მეფობა ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად დასახულისა

300. ფარსადან შექმნა ხარება ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღმერთსა მადლობა შევსწირე ჴმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან წამოდი ასრე პატივ გცე ვითა მამამან მშობელმან

301. კმა არის ღ~თისგან ჩვენზედა წყალობა ან ამდენანი შეგვეწყევ დიდი ჴელმწიფე დასცხრეს მოციქულთ დენანი ავისა მქმნელთა რას არგებს აწყა აქ ან მანდ დენანი მშვილდმან ისვენა ჩაეგნეს ჴმალნი სისხლისა მდენანი

302. თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრი ამილბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვჰგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

303. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხუნეს სპანი ზარსა ვაი კრულია დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა მეფეს ეთქვა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

304. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფურთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემსგზავსე მზესა თვალად ლომსა ნაკვთად

305. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიჴდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

306. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა ჰგვანდა აწ მედების ვისგან ალი

307. წიგნი წიგნსა ეცემოდა დედოფალი ოდეს შობდა მოციქული მოციქულსა ინდოეთი სრულად სცნობდა მზე და მთუარე განცხრებოდა სიხარულით ცა ნათობდა ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა

308. ქება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგვარითა საჭურჭლე გასცა აივსნა ლაშქარნი საბოძვარითა

309. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

310. ყმა დაბნდა რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია გულსა წყალი დააპკურა თქუა ისმენდი მაგრა ჩემი სიკუდილისა დღე დასტურა

311. მას ქალსა ნესტანდარეჯან იყო სახელად ჴმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მგზავსი შვენებით მზისაგან ვერ შეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წდობილი

312. იგი ესრე მოიწიფა მე შემეძლო შესუ ლა ომსა მეფე ქალსა თვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს რა შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვჴოცდი ლომსა

313. მეფემან კოშკი ააგო შიგან სამყოფი ქალისა ქუად ფაზარი სხდა კუბო დგა იაგუნდისა თუალისა პირსაა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან საჴმილი ალისა