ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

293. ფარსადანს წინა დაასკუნა, გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქუს მეფობა, ინდოეთისა სრულისა აწ მეცა მწადის თქვენსა წინაშე, მეცა ვცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა, ერთგულად ნამსახურისა

294. ფარსადან შექმნა ზეიმი, ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღმერთსა მადლობა, შევსწირე ჴმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან წამოდი ასრე პატივ გცე, ვითა მამამან მშობელმან

295. ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს, აქუს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდეს არა სჭირს, ჴელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ, არა აქუს კეისარობა

296. თვით მეფემან მამაჩემი, დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვგავ ასრე ვითა, მე სხუა კაცი არა მგავსა

297. ძე არა ესვა მეფესა, და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო, მით აეხუნეს სპანი ზარსა ვაი კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა მეფემან თქვა შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა

298. მეფემან და დედოფალმან, მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა, ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად, ჴელმწიფურთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემგზავსე მზესა, თვალად ლომსა ნაკვთად

299. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა, ჩემგან ნამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ, მგზავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა, მოკლვა მართ ვითა სილისა არა გავოდის ფარსადანს, მისი არასუმა შვილისა

300. ნადიმსა შიგან მოყმენი, სიცილით მოგეგებნიან მოასპარეზე მესროლთა, ღონე ჩემგანვე ძებნიან მებრძოლთა შიგან მებრძოლნი, ვერავინ ვერ შემებნიან თვით შუბოსანი ჩემებრი, არავინ არ ეგებნიან

301. მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა გვანდა, აწ მედების ვისგან ალი

302. წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა მოციქული მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა მზე და მთუარე განცხრებოდა, სიხარულით ცა ნათობდა ყოვლი არსად შემოსრული, მხიარული თამაშობდა

303. ასმათ შენცა ხარ მოწამე, ჩემისა ფერმიჴდილისა მზესა ასრე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემნი მნახავნი, მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა, სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

304. ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად, ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი, ნიჭითა მრავალგვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს, ლაშქარნი საბოძვარითა

305. საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე ამეტებდა, მზისა შუქთა ნასამალსა უყუარდით და სწორად უჩნდით, მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი, დაუდაგავს გული ალსა

306. ყმა დაბნდა რა სახელისა, ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა თქუა ისმენდი მაგრა ჩემი, სიკუდილისა დღე დასტურა

307. მას ქალსა ნესტანდარეჯან, იყო სახელად ჴმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა, ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მგზავსი მზისაგან, შვენებით არშეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა, გული ალმასი წდობილი

308. იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესულა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა, მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს, რა შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვჴოცდი ლომსა

309. მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა კუბო, დგა იაგუნდისა ლალისა ძირსაა ბაღჩა და საბანლად, სარაჯი ვარდისწყალისა იგი მუნ იყვის მედების, ვისგან საჴმილი ალისა

310. დღე და ღამე მუჯამრითა, ეკმევოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას, ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა, ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლელად, თვით მეფემან მისცა შვილი

311. დურაჯნი მივსცენ გავიღე, სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიჴდა, ძალი ჴორცათა და მკლავისა [......]ლად მოველ შემესმა, ჴმა ტირილისა და ვისა გარე მომრტყმოდა ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა

312. შიგა ვწევ დიდთა დარბაზთა, ტურფითა საგებელითა ზედა მტიროდის მეფენი, ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა, მთქვეს გამაბელზებელითა