ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

337. თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა჻ თქუა ჩემებრი ამილბარი ნაძლევი ვარ ვისცა ყავსა჻ ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა჻ მას არა ვგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა჻

338. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა჻ ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხვნეს სპანი ზარსა჻ ვაი კრული დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა჻ მეფემანც თქვა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა჻

339. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად჻ საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად჻ ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად჻ მოვიწიფე დავემზგავსე მზესა თვალად ლომსა ნაკუთად჻

340. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა჻ ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა჻ ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკულა მართ ვითა სირისა჻ არა გაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა჻

341. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ მიჴდილისა჻ მზესა მე ვჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა჻ იტყოდეს ჩემი მნახავნი მზგავსია ედემს ზრდილისა჻ აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა჻

342. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი჻ ესე რა თქვა ყმამან სულთქმნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი჻ დაბნედასა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი჻ თქვა მაშინვე მზესა გვანდა აწ მედების ვისგან ალი჻

343. ქება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა჻ ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა჻ ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გვარითა჻ საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა჻

344. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა჻ მართ მაშინვე გვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა჻ უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა჻ აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა჻

345. ყმა დაბნდა რა სახელისა ჴსენებასა მიეწურა჻ ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა჻ ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი მოაპკურა჻ თქვა ისმენდი მაგრა ჩემი სიკუდილისა დღე დასტურა჻

346. მას ქალსა ნესტან დარეჯან იყო სახელად ჴმობილი჻ შვიდისა წლისა შეიქნა ქალი წყნარი და ცნობილი჻ მთვარისა მგზავსი მზისაგან შვენებით ვერ შეფრობილი჻ მი[ს]სა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასად წდობილი჻

347. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესლვა ომსა჻ მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა჻ მამასავე ხელთა მიმცეს რა შევიქენ ამა ზომსა჻ ვბურთობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა჻

348. მეფემან სახლი ააგო შიგან სამყოფი ქალისა჻ ქვად ფაზარი სხდა დათლილი იაგუნდისა ლალისა჻ პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა჻ იგი მუნ იყვის მედების ვისგან სახმილი ალისა჻

349. დღე და ღამე მუჯარითა ეკმევოდის ალვა თლილი჻ ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი჻ დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი჻ მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მეფემან მისცა შვილი჻

350. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა჻ ვერვინ ვხედევდით შეიქნა პირითა მინა ვარდითა჻ ასმათ და ორნი მონანი ჰყუიან იმღერდის ნარდითა჻ მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა჻

351. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა჻ დღისით ვიყვი მას წინაშე გამიშვებდის არცა ძილსა჻ ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა჻ სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა჻

352. მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან჻ მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან჻ შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან჻ აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბალახშეულმან჻

353. მამა მამიკუდა მოვიდა დღე სიკუდილისა მისისა჻ ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა჻ მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მტრისა შიშისა჻ ერთგულთა შექნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა჻

354. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო გაცუდებული჻ დღისით და ღამით ვაებდი ვერვისგან სულ დაღებული჻ გაყუანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული჻ ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული჻

355. ჩვენ უფრო გუტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა჻ ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა ახდა შავისა჻ ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა჻ შენ გქონდეს ამილბარობა ქნა მისვე საურავისა჻

356. ავენთი დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტელთა჻ უკანით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა჻ გამოსლვისა თვეს ზეიმი შექნეს ინდოეთს მფლობელთა჻ შორს მოგვეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა჻