ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

238. ავთანდილ იტყვის ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი჻ რაცაღა არის არ არის თუმცა არ ედგნეს ბუდენი჻ სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი჻ მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი჻

239. წინაუკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი჻ დღისით და ღამით მაშურალნი არ საჭამადთა მჭამენი჻ არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი჻ მათ მიწყივ ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი჻

240. დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი჻ კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს პირსა წყალი ჩანადენი჻ წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი჻ ხე დიდროან თვალუწდომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი჻

241. დადგა უჭვრეტს ალვის შტოსა ანძრევს გარე ჰქონდა ყელსა჻ ავთანდილს კვირს ეგრე ვითა გაანათებს მზეებრ ველსა჻ პირად მზესა გულად ლომსა ტანად შეჰგავს სარო მზრდელსა჻ მოიგონებს გულამოსკვნით მასვე მისსა საგონელსა჻

242. მან ყმამან ქვაბსა მიმართა განვლნა წყალნი და კლდენია჻ ავთანდილ ცხენსა გარდახდა მონახნა დიდნი ხენია჻ მას ზედა ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია჻ მუნით უჭურეტდა იგი ყმა მივა ცრემლმინადენია჻

243. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა჻ ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა჻ ატირდა მაღლად ცრემლითა ზღუათაცა შესართავითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა ყელსა მოეჭდო მკლავითა჻

244. ყმამან უთხრა დავო ასმათ ჴიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს჻ ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწუიდეს჻ ესე თქვა და მკერდსა ჴელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსცვივდეს჻ ქალი შებნდა მოეხუია ერთმანერთსა სისხლით სწუიმდეს჻

245. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻ იძახდიან მოთქმიდიან ჴმას სცემდიან კლდენი ჴმასა჻ ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევაზმასა჻

246. სული დაიღეს მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა჻ ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჰჴადა აკაზმულობა჻ მას ყმასა შეჰჴსნა შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა჻ შინა შევიდეს მას დღესა გარდაოდა გამოსრულობა჻

247. ავთანდილს უკვირს ანბავი ისი თუ ვცნაო მე რითა჻ გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა჻ შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა჻ შეკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა჻

248. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არას ვეჯდა჻ ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა჻ ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა჻ ასმათ აგრე დაღრეჯილი კვლა უფრორე დაიღრეჯდა჻

249. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა სახე მისივე კაცისა჻ ულვაშაშლილი წუერგამო ნუ თუ მზეაო თქუა ცისა჻ ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა჻ ასრე უჩს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა჻

250. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა჻ შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა჻ ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა჻ თქვა თუ ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა჻

251. აწ ამას ჩემთუის ღმრთისაგან სხუა საქმე რა ვამჯობინო჻ ქალი შევიპყრა მის ყმისა ანბავი ვაამბობინო჻ ჩემიცა ვუთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო჻ მას ყმასა ჴრმალი არა ვკრა არც მას დავისობინო჻

252. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული჻ ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი ნახა კარგახმული჻ მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლდასხმული჻ ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლბაკმული჻

253. ვერ იცნა სახე არ გვანდა მისი მის ყმისა სახესა჻ ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა჻ ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა჻ ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა჻

254. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტადცა ებილწებოდა჻ ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო წრწებოდა჻ ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა჻ ავთანდილ მუხლსა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა჻

255. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი჻ უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი჻ მისი რამ მითხარ ვინ არის ტანსარო პირბაკმიანი჻ სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ყივი აგრე ხმიანი჻

256. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა჻ თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა჻ აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა჻ ცუდად ნუ სცთები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა჻

257. კვლავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მე ნუკვი მე რასა჻ მაგა საქმისა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა჻ შენ ერთხელ მეტყვი მითხარო მე ასჯერ გეტყვი ვერასა჻ ვითა სიცილი ტირილსა მიჯობს ვაგლახი მღერასა჻