ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

395. ბედითი ბნედა სიკუდილი რა მიჯნურობა გგონია჻ სჯობს საყუარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია჻ ხატაეთს მყოფნი ყუელანი ჩვენნი სახარაჯენია჻ აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია჻

396. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია჻ მაგრა აქამდის საუბრად კულავ ჟამი არ მამხდომია჻ ძუღან ხელ ქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია჻ მანდა ყუელაი მასმია რაცა შენ გარდაგჴდომია჻

397. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რაცა მოგახსენე჻ წა შეები ხატაელთა თავი კარგათ გამაჩვენე჻ გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ ვარდი კულამცა რად დასტენე჻ მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე჻

398. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა჻ ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალვოდა჻ გული მი და მო მიარდა ჰკრთებოდა და მემალოდა჻ მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა჻

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილიპირველად჻

399. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია჻ პასუხად ვსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია჻ მე ღ~თნ იგი ნუ მამცეს რაც არა შენი ფერია჻ სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია჻

400. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები჻ ესე ჰკადრე მზეო რადგან ჩემთვის ნათლად ამოჰხდები჻ აჰა მკვდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები჻ რაცაღაა სამსახურსა ვიტყვი თუღა ვერიდები჻

401. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვჰქნათო ესე სჯობდეს჻ ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს჻ ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიყობდეს჻ დაცამვედრა ამილბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს჻

402. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა჻ მისი მზისაცა რიდება ჰქონდის ნათლისა ვისისა჻ ვისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა჻ ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა჻

403. ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა჻ მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა჻ ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა჻ ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ჴელის შესაბამითა჻

404. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს჻ ლხინმან ბნელი გამინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს჻ შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს჻ მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს჻

წიგნი ტარიელისა ხატაველთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა჻

405. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი჻ მივსწერე მეფე ინდოთა არისმცა ღთულებ ძლიერი჻ მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი჻ ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადრიერი჻

406. ჩვენო ძმაო და პატრონო თქვენგან არ გავიწბილები჻ ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით჻ თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით჻ სჯობს რომე გვნახნე თავისა სისხლთ ნუ ეზიარებით჻

407. კაცნი გავგზავნენ მე გულსა მამეცა უფრო ლხინები჻ დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები჻ მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები჻ აწ ხელ მქმნა რომე საახლოდ მჴეცთაცა მოვეწყინები჻

408. პირველ გაჭრისა პირება მერმე დასწყნარდეს ცნობანი჻ ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა დარბაზობანი჻ მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი჻ ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვჰთქვენი საწუთროს გმობანი჻

409. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფის სრითა წამოსრული჻ ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მიეცა თვალთა რული჻ წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული჻ კარსა მცველმან მონა უხმო უთხრა რამე დაფარული჻

410. მონააო ასმათისი საწოლს უთხარ შემოყვანა჻ მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა჻ ლხინმა ბნელი გამინათლა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა჻ წაველ მონა წავიტანე რამცა უთხარ ამისთანა჻

411. ბაღჩა შევვლე არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი჻ ქალი წინა მამეგება მხიარული მოცინარი჻ მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი჻ მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭკნელი და დაუმჭკნარი჻

412. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა჻ სადა დგას კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა჻ შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა჻ მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა჻