ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

255. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე, მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე, მისითა შემეცნებითა ფიცე არ მოჰკლა არ იყო, არ სავნებლისა ვნებითა

256. ყმამან უთხრა თუ მიჩუენებ, ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის, ხელი მინდორს თავსა ვარებ არას უზამ უგემურსა, არა თოდენ გავამწარებ რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყუარებ

257. ქალი ადგა და წავიდა, მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უანბობს, არს მისად მაგულვანებლად ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგუანებლად

აქათგან პირველი შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

258. გამოეგება ტარიელ მართებს, ორთავე მზე დარად ანუ ცით მთუარე უღრუბლოდ, შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა, ხეცა ვარგიყოს ხედ არად გვანდეს შუიდთავე მნათობთა, სხვამცა რისად ვთქვა მე და რად

259. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს ვარდსა ჰხლეჩდეს ბაგეთაგან, კბილნი თეთრნი გამოსჭუირდეს ყელი ყელსა გადააჭუდეს, ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექმნეს იაგუნდი, მათნი თუმცა ლალად ღირდეს

260. მობრუნდეს ყმამან ავთანდილს, ჴელი შეუპყრა ჴელითა ერთგან დასხდეს და იტირეს, დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკუირველითა თავთა ნუ დაჴოცთ ნუ ბნელიქთ, მზესა თქვენითა ბნელითა

261. ტარიელის ვარდი იყო, დათრთვილული არ დაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ, სადაური სით მოსრული მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული

262. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს, არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია

263. მე პატრონისა ჩემისა, ასული შემყუარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ, მონები მკლავმაგრებია თუცა არ მიცნობ გინახავ, თუ ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დახოცენ, მონები არსაპყრებია

264. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩუენი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიჴმეთ არ მოხველ ლაშქარნი, უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ, სრულად სისხლისა კი დენით

265. ყველაკასა მათრაჴითა, თავი უჴრმლოდ გარდაჰკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე, კუალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაგუემალე, მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ

266. ჭმუნვა შეექმნა თქვენცა იცით, ჴელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენგან ნახული, ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა, ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია

267. მიბრძანა მიცან ამბავი, მის მზისა წარხდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა სამ წლამდის მითხრა დადენა, უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავსძელ ვერჭურეტა, მისისა მე ღიმილისა

268. აქანამდის მნახავიცა, კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ რომე თქუენთვის, სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო, ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელთა, სულმობრძავი სამე გლახა

269. ტარიელსცა გაეხსენა, ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას, შენ და შენი მე გამზრდელი მით ვსტიროდი მამეგონა, მე გლახ ჩემი წარმწყმედელი

270. რას მაქნევდით რა გინდოდა, ერთმანერთსა რათა ვგვანდით თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით რა მონანი შესაპყრობლად, მომწიენით გაგულვანდით აწ ვეჭვ რომე ჩემად ნაცულად, თანა მკვდართა მიიტანდით

271. მოვიხედე მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალნეს, ამად ჴელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შეუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს, და სხვასა რას ვასახე

272. კაცმან ვერ ასწრას თვალისა, დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა, ჩემი არას ვსცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო, მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა, და ჩემზე დათამამება

273. აწ ვაშად მოხველ მიამა, ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მზგავსი გმირისა მაგრა გარჯილ ხარ არა ხარ, გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა, ღ~თივ ზეცით განაწირისა