ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

196. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა ვთქუით გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახლნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა თჳთ დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა

197. ჩვენ ვიახლენით სამთავე, სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასულა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორნი, ისი ტყენი და ღრენია დავჴოცეთ მხეცი მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია

198. ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი პირგამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავია ჯერთ მისი მგზავსი შვენებით, კაცთაგან უნახავია

199. უჭურიტეთ მისთა ელვათა, შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქუით თუ მზეაო ქუეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით» მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით, მით ვართ ცრემლისა ცადენით

200. მე უხუცესმან უმცროსთა ,კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემან შედეგმან ტაიჭი, მისი თუით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევა, გუითხრა უვალნეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივა და შვენებით

201. ბროლმან ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი, ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგუხნა არცა დაგუსხნა, ყოლე არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი, მათრაჴითა შეგუამწიფნა

202. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსთა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრაჴი, ვნახეთ სისხლისა კი დენით

203. ჩვენი ძმა გლახ დაკოდილი, მასვე წამსა ჩამოვარდა მისმან შიშმან დაგვაწყალნა, იგი ყოლე არ აჩქარდა მასმცა მიღმა რაღა ვჰკადრეთ, ვისგან ყოფა გაგუიმწარდა ვთქუით თუ უჴმლოდ მოგვერია, ჴლმით გაგხუდის ფარდა ფარდა

204. მით ერთითა მათრაჴითა, თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკუდარი უსულო ქნა, ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი, მოამდაბლა მოამიწა თვალთა წინა წაგვივიდა, ლაღი კუშტი ამაყი წა

205. აღარ დაბრუნდა წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა გახედე, იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩუენებდეს ავთანდილს, მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი, მისი მის მზისა მარებლად

206. მან ყმამან ქუაბსა მიმართა, განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა, მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭურეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭურეტდა იგი ყმა, მივა ცრემლ მინადენია

207. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა, ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა

208. იგი ტევრი გაეჴშირა, დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოთქმიდიან, ჴმას სცემდიან კლდენი ჴმასა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით, მათსა ეგრე ქცევა ზმასა

209. სული დაიღო მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰჴადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო, აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა, გარდაოდა გამოსრულობა

210. ავთანდილს უკვირს ამბავი, ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა შეჰკაზმა მოაქუს აბჯარი, წყნარად არ რამე ჩხერითა

211. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ვეჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი, კულა უფრორე დაიღრეჯდა

212. ავთანდილ ახლოს კულა ნახა, სახე მისივე კაცისა ულვაშაშლილი წვერგამო, ნუ თუ მზეაო ვთქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკულა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა

213. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა, თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა თქუა თუ ღმერთმან ესე საქმე, მეტად კარგად მამიგვარა

214. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან, სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა, ამბავი ვაამბობინო ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ჴმალი არა ვჰკრა, არცა მას დავასობინო

215. ჩამოვიდა ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული ზედა შეჯდა გაემართა, ქვაბი დახუდა კარგახმული მუნით ქალი გამოიჭრა, გულმდუღარე ცრემლდასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო, პირი ვარდი ფერ ბაკმული