ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

369. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია.

370. “მე ვისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი– ვაკოცე– ქმნადღა თაყვანის ცემისად ჴელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვჰკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

371. “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არ სათნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

372. “წიგნი მომართვა– ჩავხედენ– პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, – შენატევები ცხენისა, არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა!–

373. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

374. მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?

375. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე!?

376. “განაღამცა ვიწინაშე, – აჰა რიდე, რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე!– დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე, სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”–

377. “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა მაგრა შევჰკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა, აღარა მყვა, სულთ-დგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ჴმაცა არ მესმინა”.

*

378. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ჰქმნა მწუხრმან ჟამითა. ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა. ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

379. “მიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დაცაგვლია,– ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია,– ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამად–ზედან-წაგვითვლია.

380. “აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ჴრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ?”

381. “ვთქვი: “თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების. – ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხვამცა რა გკადრეთ. თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

382. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია! ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია!” მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ჴელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ რომელია”.

383. “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი–და-მო კრთებოდა.

384. “დედოფალმან თქვა: “ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი?” შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა-მჴდომელი.

385. “გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას შინა შვილისა მთხოელი შესთვალეს: “გაჴდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.

386. “კაცი მოვიდა – აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,– გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა: “მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა! თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰჴდიდითა!”

387. “კვლა გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დაჰვედრეს თუ: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად”. მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწევ ჭირთა მოპოვნებად”.