ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

407. “არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა, მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”.

408. “მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი, ამითა გზებული.

409. “მიბრძანა თუ: “გონიერი, ჴამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს.

410. “კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”.

411. “მე ვჰკადრე: “ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა უჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავჴოცნე, შეეძლოს აღარა არ საჴმარობა”.

412. “მიბრძანა თუ: “ჴამს დიაცი დიაცურად, – საქმე-დედლად,– დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა-კედლად: რა მოვიდეს, სიძე მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად, ჰქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად!–

413. “იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა!– არ დამეხსნები, – გაგიჴდი ქალაქსა ვითა ტრამასა!–”

414. “ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა, ჴელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

415. “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასაჴოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

416. “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ჴელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცჴელი. ჭირი ბევრჯერ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთჴელი, მერმე წასლვა არა მწადდა, – ამად მივალ არ ფიცხელი”.

*

417. მოვიდა კაცი, – სასიძო მოვაო !, მოსლვა გვახარა,– მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა!– მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა–რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.

418. “მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ჴამს ვითა დასა, სრულია კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, – სიძუნწე უმეცრულია”.

419. “მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომჴემელნი სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ჴემელნი.

420. “მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,– შენ აქა ნახენ ნუ წახვალ,–შენგან ესეცა კმანია.

421. “მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდაჴდა, – დღე ჰგვანდა არს აღვსებისა, შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად დას-დასებისა.

422. “მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა შინა წამოვე მაშვრალი, ჰქმნა მომნდომოდა ძილისა მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”

423. “ცხენისაგან არ გარდავჰხე, წავე ფიცხლად დავჰმორჩილდი ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: “ცრემლსა რასა ჰმილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი, გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავვაქილდი!”

424. “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგა, დღე გიჩანს წინ საომარე ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?”

425. “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუ ვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.