ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

296. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა , ანუ თუ დაცა იდოს, “ჰხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს: “ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს? “შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”

297. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე, “დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; “მკვდარი მნახო, დამიტირე, სულ-თქმა გაათანისთანე, “მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

298. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დასჯდა, მხარნი ამოჰყარნა; ვითა მზე სჯდა მოღრუბლებით, დიდ-ხან შუქი არ დაჰყარნა; ვერ გაახგნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა; მერმე სულ-ჰთქმნა, დაიზახნა, ცხელნი ცრემლნი გარდმოჰყარნა.

299. მოსთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, “იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო; “ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! “ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო ასჯერ დადაგულო!”

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი.

300. ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, “საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა; “იგი, ვინ ხელ-მქნა, მოველი მისგან არ ოდეს ლხენასა, “ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

301. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: “ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, “უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, “ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

302. “მამა ჩემი სჯდა მეშვიდე, მეფე, მებრძოლთა მზარავი, “სარიდან ერქვა სახელი, მტერთა სრვად დაუფარავი; “ვერვინ ჰკადრებდა წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; “ნადირობდის და იშვებდის, საწუთრო-გაუმწარავი.

303. “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები, “სთქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, “ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები; “ჰბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები”.

304. “ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა; “შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა, “აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა; “სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად სამსახურისა”.

305. “ფარსადან შეჰქმნა ზეიმი, ამა ამბისა მცნობელმან, “შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევწირე ხმელთა მფლობელმან, “რადგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან; “აწ მოდი, ასრე პატივ-გცე, ვითა ძმამან და მშობელმან».

306. “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა, “თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა; – “მეფე რა დასჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა, “სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

307. “თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა; “სთქვა: “ჩემებრი ამირბარი ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!» “ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა; “მას არა ვგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა,

308. “ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, “ჭმუნვა ჰქონდათ, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა; “ვაი კრული დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! “მეფემან სთქვა: ““შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა.»

309. “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, “საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, “ბრძენთა მიმცეს სასწავლებლად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; “მოვიწიფე, დავემზგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

310. “ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა: “ხუთისა წლისა შევიქმენ, მზგავსი ვარდისა შლილისა, “ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკვლა, მართ ვითა სირისა; “არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა.

311. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, – “მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; “იტყოდეს ჩემნი მნახავნი: “მსგავსია ედემს ზრდილისა”. “აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

312. “მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი”, ესე რა თქვა, ყმამან სულ-თქნა, ცრემლით ჰბრძანა: “შობა ქალი”, დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი, სთქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

313. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა; “ფარსადან დასჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; “ყოვლგნით მოვიდეს მეფენი, ნიჭითა მრავალ-გვარითა; “საჭურჭლე გასცეს; აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

314. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა; “მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა; “ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა; “აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”