ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

256. “ამას გვედრებ, მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო; “რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუ თუ, ვით რა მოვაგვარო; “ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო; “თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

257. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება; ამას ზედა მოიხედეს, ხევით ესმათ ჩხაპუნება: მთვარე წყალსა გამოსული, ნახეს შუქთა მოფინება, უკურიდეს, აღარა ჰქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

258. ქალმან უთხრა: “ყმაო, ღმერთმან მოგცა ჟამად, რაცა გინა, “მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა; “იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არა ვინ ა; “ნუ თუ, ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

259. ავთანდილ ქვაბსა დაჰმალა ქალმან მალვითა მალითა; იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, ჰშვენოდა კაპარჭ ხმალითა; ატირდეს მაღლა ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა; ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

260. ამარტისფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, დიდ-ხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეჰხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან; დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

261. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები; მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მას ზედა დასჯდა იგი ყმა სულ-თქვამს ჭირ-მონამატები, – სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

262. მან ქალმან ხელ-ჰყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა, მიუპყრა; ერთი ახლიჩა, – ქმნაა საქმისა ძნელისა – ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

263. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი, შეჰკრთა, დიდი დაიზახნა, წამოვარდა, ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი; ცალ-კერძ ჰზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

264. “რად დაჰბრუნდი”, მოახსენა, “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, “ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, “იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკიდა.

265. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე; “არ მივეო ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, “მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე, “ვთქვი: “ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”».

266. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდეს ას-ნაკეცი ბევრის-ბევრად; მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, “არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, “მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?

267. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია, “ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? “გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; “შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია!”

268. უბრძანა: “დაო, ეგეა მზგავსი შენისა გულისა, “მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა; “ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა? “ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა,

269. “ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა სადამცა კაცი რად დაჰბადა, “სიახლე და საუბარი თუცა მისი მე მეწადა! “ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა! “შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არა სადა”.

270. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯდია: “რადგან ღმერთსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, “ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია; არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”,

271. ყმამან უთხრა: “რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე; “კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე? “ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! “განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

272. ქალმან კვლავ ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, “მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, “იგი გიახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, – “ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ სავნებლისა ვნებითა”.

273. მან უბრძანა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, “სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ! “არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; “რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყვარებ.

274. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; არ ეწყინაო, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად; ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, სთქვა მზისა დასაგვანებლად.

275. გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად, რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, – ჰგვანდეს შვილთავე მნათობთა, სხვადმცა რისა ვთქვი მე დარად!