ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

430. “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ, მუზარადის დასარქმელად, “საომარად ატეხილი ვიყავ მათდა გამტეხელად, “ერთსა წავწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად; “მათ ურიცხვი რაზმი ეწყოთ, წყნარად დგეს და აუშლელად.

431. “ახლოს მიველ, შემომხედეს, შმაგიაო ესე სთქვესა: “მუნ მივმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა, “კაცს შუბი ვკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, “შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხმალო, ვინცა გლესა!

432. “შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, “კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; “კაცი ჩემგან განატყორცი, ბრუნავს, ვითა ტანა-ჯორი; “ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი.

433. “ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი: “ვკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი; “ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავკიდი. “სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შექჰმნიან ჩემი რიდი.

434. “საღამო-ჟამს დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან: “ნუღარა დგათ, წავედითო, კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან: “მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, “ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

435. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, “რა ეცნათ, წამოსულიყვნეს, ღამე წამორთვით ეარა; “ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა; “გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

436. “იგი ჰნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევკივლენით, “ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით, “რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხმლენით, “მისნი სპანი ყველანივე დავიპყრენით, არ მოვკვლენით.

437. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, “დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; “ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, “ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მათ, ვითა სნეულთა.

438. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად, “ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ ნაღებად; “ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, “ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

439. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; “ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; “რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს, “ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ჰნახეს, მეტად გაუკვირდეს.

440. “გავგზავნე ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, “ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი ვაალაღებინე, “სისხლსა მძებნელთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, “არ ვბრძოლე კარი ქალაქთა, უომრად გავაღებინე.

441. “რამაზ ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, “აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, “სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, “თვარე შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავთვალე!”

442. “რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, “ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, “ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამაგონე, – “ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე”.

443. “მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ, “ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ; “ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ; “საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!

444. “მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; “კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; “ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, “მზემან არ დაგვწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.

445. “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე, “უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; “ერთგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, “თუცა ჰნახენ, სახელისა ცნობასაცა ინატრიდე.

446. “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად, “ვისცა ვუჩვენე, უკვირდის, ღვთისა სთქვის მან სასწაულად: “არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არც ორხოულად, “სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა, ვთქვი, ცეცხლსა შენართაულად.

447. “იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა, “მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ, რაცა სჯობდა; “ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, – ყველაკაი წვივ-მაგრობდა – “დატვირთული გაუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფისადმი ოდეს გაიმარჯვა ხატაველთა ზედა.

448. წიგნი დავწერე: “მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად! “მე ხატაველთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად, “ჩემი ამბავი დასტური, ამად გაცნობე გვიანად; “მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად”.