ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

315. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა; სთქვა “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

316. “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი; “შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, “მთვარისა მზგავსი, მზისაგან შვენებით არ შეფრობილი “მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წდობილი!

317. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესვლა ომსა; “მეფე ქალსა ვით ჰხედვიდა მეფობისა ქმნისა მწდომსა! “მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა; “ვბურთობდი და ვთამაშობდი, ვით კატასა, ვხოცდი ლომსა.

318. “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; “ქვად ფაზარი სხდა, დათლილი იაგუნდისა, ლალისა, “პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; “იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

319. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; “ზოგჯერ კოშკს სჯდის; ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი; “დავარ იყო და მეფისა, ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი, “მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მეფემან მისცა შვილი.

320. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შადითა; “ვერვინ ვხედავდით, შეიქმნა პირითა მინა ვარდითა; “ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; “მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

321. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა, ვითა შვილსა: “დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; “ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა; “სროლასა და ასპარეზსა აქებდიან, ჩემგან ქმნილსა.

322. “მოჰსრის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; “მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან, “შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; “აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

323. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; “ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; “მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მტრისა შიშისა; “ერთგულთა შეჰქმნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.

324. “მე წელიწდამდის ბნელსა ვსჯე, საწუთრო-გაცუდებული, “დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული: “გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული: “ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

325. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა; “ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა ახდა შავისა; “ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა, – “შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა”.

326. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრეტელთა; “უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა; “გამოსვლისათვის ზეიმი შეჰქმნეს ინდოეთს მფლობელთა; “შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით, ვითა მშობელთა.

327. “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს-მცემდეს ძისა დარად; “მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; “ურჩ-ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; “არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანი-ვეც ამირბარად”.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა

328. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანნი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; “მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ,” ხელი ხელსა დამიჭირა; “მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!

329. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა; “მფრინველთაგან ხმა ისმოდა, უამესი სირინოსა; “მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა; “კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.”

330. “მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა; “გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; “მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა,– “ალმასისა ჰხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

331. “ვიცოდი, სწადდა არ ვისგან ნახვა მის მზისა დარისა, – “მე გარედ ვდეგ და მეფემან შეჰვლო ფარდაგი კარისა, “ვერას ვხედვიდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა; “ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

332. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა; “ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა; “მოვიდა, მივსცენ დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა; “ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!”

333. აწ წახდეს იგი ნათელი, მზისაცა მოწუნარენი, მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულ-ჰთქმნა მწარენი; ყმა და ასმათი სტიროდეს, – ხმას სცემდეს იგი არენი – ჭმუნვით სთქვეს: “მკლავნი ცუდ-ქმნილან, ვაი, გმირთ მემუქარენი!”