ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

176. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს; ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, – იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

177. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

178. ახალმან ფიქრმან დასთოვა, ვარდი დასთრთვილა, დაჰნასა. მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა. სთქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ან ასა, “მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”

179. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო სჭკნებოდა. გულსა უთხრის თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა, უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

180. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად, უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. | სად! სთქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვსთქვა ვი- “შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

181. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე, რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა; მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა; ამაშიგან წელიწადი სამი სამს თვედ მიიყარა.

182. მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა; იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა; დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

183. მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა; გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა, მის მთისა ძირსა წყალი სდის, არათ სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

184. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს: თქვენი ესხნეს ორნიღაა, ამად სულ-თქვამს, ამად იშობს; “ვა თუ საქმე გამიჟღავნდეს!”–კვლავ ამისთვის გულ-მოშიშობს; ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

185. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. სთქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავჰყავ მე ველად? “ჩემსა რა ვკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, “მისი ვერა ვსცნა ჭირნიცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?

186. “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, “რომელსა ვეძებ, ვერა ვსცნა ამბავნი მე მისთანანი, “დრო გარდაუწყდეს შერმანდინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი, “მივიდეს, ჰკადრნოს მეფესა საქმენი დასაგვანანი.

187. უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული; “მათ შეჰქმნან გლოვა-ტირილი, ჰქმნან საქმე გამწარებული; “მერმე მივიდე ცოცოხალი, სხვაგან მე სადმე რებული!” – ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

188. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ, “მე ეზომი სიარული კიდე რად გლახ გამიცუდენ! “გულით ჩემით სიხარულნი აღფხვრენ, ჭირნი დააბუდენ, “დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ ოდეს დავიყუდენ”.

189. კვლავცა იტყვის: “დათმობა სჯობს,” და თავსავე ეუბნების; “დღეთა ადრე ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, “უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქმნელი არ იქმნების.

190. ყოვლნი არსნი ცათ-ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, “მაგრა საქმე იმ კაცისა ვერა სადა შემიგნიან; “უღონიოდ მართალ-იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან: “აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლი რასა მდიან!”

191. მობრუნება დააპირა სულ-თქა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოჰსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა: მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

192. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესითა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოჰკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდაჰხდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

193. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირემ მწვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანი ნახა, მისკენ მოვიდოდეს; სთქვა: “თუ ჰგვანან მეკობრეთა, თვარე კარგი რამც იცოდეს! “აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს”.

194. ხელთა ჰქონდა ისარი-მშვილდი, მათკენ მივა მხიარული; ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყავდათ უწვერული; თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული; ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას გლახ სული.

195. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამზგავსე!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე და ცეცხლი ავსე; “ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირი ჭირით მოგვისავსე, “სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსე.”