ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

216. დღისით ვლეს და საღამო-ჟამს გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, პირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რავდენი, ხე დიდრონი თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

217. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა; იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

218. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის-ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა; იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, ყელსა მოეჯდო მკლავითა.

219. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

220. სული დაიღო მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდაჰხდა გამოსრულობა.

221. ავთანდილს უკვირს, – ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა? გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა; შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა, შეჰკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

222. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა; ქალი სტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნენ, აკოცა და ცხენსა შეჯდა; ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

223. ავთანდილ ახლოს კვლავ ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუ თუ მზეაო,” თქვა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა, ასრე უჩნს მოკლა ლომისა, მართ ვითა ლომსა კაცისა.

224. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა; სთქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგათ მომიგვარა,

225. “აწ ამას ჩემთვის ღვთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? “ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო; “ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, “მას ყმასა ხმალი არა ვკრა არცა მას დავისობინო”.

226. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შესჯდა, გაემართა; ქვაბი იყო კარ-განხმული; მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ დასხმული, ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი-ვარდი, ბროლ-ბაკმული.

227. ვერ იცნა სახე, არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა: ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა; ყმა გადაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა: ხმას სცემდა კლდენი ქალისა ზახილსა, მუნ ერთ-სახესა.

228. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მიდამო ჰკრთებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა; ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

229. ეტყოდა: “ჰსულე, რაც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი, “უფერო ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი; “მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? “სხვად არას გიზამ, ნუგეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

230. ქალი ეტყოდა ტირილით: – სარჩელი უგავს ბჭობასა – “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა; “აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; “ცუდად ნუ სცდები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა“.

231. კვლავ იტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა? “მაგა საქმესა ვერა იქმს, ვერცა კალამი წერასა, “შენ ერთხელ იტყვი: “მითხარო” მე ასჯერ გითხრობ “ვერასა“, ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა.

232. “ქალო, არ იცი, სით მოვალ რა ჭირნი მომითმენია! “ოდიდგან ვეძებ ამბავთა, ესე არ ვისგან მსმენია; “შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენია, “ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენია“.

233. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარო, ანუ შენო! “მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო; “გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: “ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ჰქმენო!“

234. კვლავცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა, პირსა ზედან გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმითა წამოჰზიდნა, ყელსა დანა დააბჯინა.

235. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო, როგორა, თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო! გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოჰკლას, ვითა მოგაკვდინო!!“