ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

354. “კაცი მოვიდა მეფისა, – სწადსო ამბისა სმინება; “მოყვანა ვუთხარ, ებრძანა ქმნაცა სისხლისა დინება; “მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება; “წინაშე მოვალ, ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება.

355. “დარბაზს მივე, მეფე ჰბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქმ აბა!, “ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; “შესჯდა, ქორნი მოუტევნა, დურაჯები დაინაბა, “მშვილდოსნები გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

356. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; “მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი: “მეფემან გასცა მრავალი თვალნი, ღარიბად ქებულნი: “აუვსებელნი არ დარჩნენ მას დღესა მათნი ხლებულნი.

357. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად, “ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; “ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალად; “შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

358. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: “ქალი ვინმე იკითხავსო, – ინახვისა ამირბარი? “ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი;” “ვარქვი: “საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

359. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი, ვუთხარ, ნუ ადგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად;” “გამოვე და საწოლს შეველ, მონა დადგა კარსა მცველად, “გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

360. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი- მცა, “მითხრა: “მოსვლა თქვენს წინაშე კურთხეულ ა, რამან ღირსმცა!” “გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა! “ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა.

361. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: “გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა; “მაგრამ აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღა მალობა; “ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, – მაკლია ღმრთისა წყალობა.

362. “ადგა, მითხრა: “თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია; “ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; “ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია; “ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”».

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელისადმი მიწერილი პირველი

363. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; “მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; “მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა; “აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა, ჩემგან თქმულსა.

364. “ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია? “სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია: “ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, “აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

365. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, “მაგრამ აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია; “ძულან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია. “მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

366. “მართლა გითხრობ, მომისმინე, ესე, რაცა მოგახსენე: “წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; “გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე! “მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”».

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა პირველად მიწერილი

367. თვალთა დავიდევ უსტარი მე, მისგან მონაწერია, “პასუხად ვწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? “მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! “სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია”.

368. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; “ესე ჰკადრე, – მზეო, რადგან ჩემთვინ ნათლად აღმოხდები, “აჰა მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები; “რაცაღაა, სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები”.

369. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქნათო, ესე სჯობდეს, – “ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; “ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; “დამცავედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

370. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, “მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; “მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა უმქისისა, “ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

371. “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; “მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა;” “ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა, – “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.