ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

410. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წავიდეთ კარგითა მართ მამაცითა, “ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; “გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღვთითა და ცითა; “არ დაგმორჩილდენ შეჰრისხდი რისხვითა კვლავ და კვლავცითა”.

411. “მეკეთა ესე თათბირი, ვეზირთა ნავაზირები, “შევთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები, “სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები, “ლაშქართა დავყრი, ცოტათი წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

412. “მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი, “თანა წამომყვეს, წაცაველ, დავყარენ სპანი ყველანი; “დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, “ახლოს მოვდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდეს შველანი.”

413. “სამ-დღე ვიარე, მემთხვივა სხვა კაცი მისვე ხანისა, “კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, “ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, “რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა”.

414. “კვლავცა ეთქვა “მართალია, ეზომ ჩემი მონახსენი, “მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი;” “მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი, “ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ, ვითა მამა-ძენი”

415. “მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; “კვლავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა. “წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოჰზიდვიდესა: “შენსა ნახვასა მეფენი”, – სთქვეს, მართლად ინატრიდესა”.

416. “მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, “სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები;” “მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მზირები, “მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

417. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების; “ერთი კაცი უკმორესწყდა მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაძსო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, “გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქნების.

418. “მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტათი განაზარდი, “თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი; “მკვდარი მიმძიმს სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი, “ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

419. “რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, “ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ, “კვლავ სხვაგან გიდგს სამი ბევრი, ასე ფიცხად მით გიხმობენ, “აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

420. “მეფე ცოტად მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან, “მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან, “კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან, “რა ერთსა გცემენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

421. “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; “აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა მიდია; “თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

422. “არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია, – “რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია; “მაგრა სპათაკენ გავგზავნენ კაცნი, გზა თუცა შორია, “შევთვალე: “ფიცხლა წამოდით მოგჰგრაგნეთ მთა და გორია”.

423. “მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე; “რამაზს ჰკადრეთ: “მოგეგებვი, მოდი მოვალ მეცა მალე!” “ნახევარ-დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე, “განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე!

424. “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე, “ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე, ჩემთვის უდგამს თუცა მახე, “ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხმალი ბასრი, შუბია ხე; “მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე;

425. “ვთქვი თუ: “ძმანო, იგი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, “მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან; “ვინმცა მოჰკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას ჰრბიან! “აწ შევებნეთ ხატაველთა, ხმალი ცუდად რად გვაბიან!”

426. “ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა; “დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; “რაზმი დავაწყევ, მივმართე, წავალ დიდითა სწრაფითა; “მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხმალმან დაფითა.

427. “მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანთა აბჯარ-ცმულობა; “კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; “ეთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, “აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია, აწ ამად გულ-ნაკლულობა”

428. “შევთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია, “თქვენ რასაცა თათბირობდით, არ იქმნების არ იგია; “ჰბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია “მეცა თქვენთან დასახოცად ხელი ხმალსა დამიგია”

429. “რა მივიდა მოციქული, კვლავცა რადღა გამოჰგზავნეს! “კვამლი შჰქმნეს ლაშქართათვის, დამალული გიამჟღავნეს “სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, “შეჰქმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.