ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

236. ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: “თუ არ მომკლავ არ მოვკვდები, მთელი ვარ და მოუკვლავი, “რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი; “კვლავ თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი“,

237. კვლავ ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე ვინო? “ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! “მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკვლევინო, “ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

238. “ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია, “მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია; “ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია! “ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია”.

239. ყმამან სთქვა თუ: “არ ეგების აწ იმისი ასრე თქმევა, სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა”; გაუშვა და ცალკე დასჯდა, სტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა; ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ არ ვიცი ვით დავრჩევა”.

240. ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერდ არ დამტკბარია; ავთანდილ ქვე ჰზის ტირილად, აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია; კვლავ იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

241. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ჰღვარნა, მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ენანი აუბარნა; ყმამან სცნო თუ, გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა, ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა

242. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასანდობლად; “გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად; “აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიძს შენთვის გასანდობლად, “ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

243. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, “მიჯნურისა შებრალება ჰხამს, ესეცა გაიგონე: “სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე, “სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”

244. რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება, გულ-ამოხვინჩით დაიწყო ას-კეცთა ცრემლთა დინება, კვლავ გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება: ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

245. იტყვის თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების, “ვისთვისმე ცხელი უცილოდ, მას ცრემლი ემალმალების” კვლავ უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების, “ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების,

246. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად; “ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად ამა ყმისად; “ღრუბელიცა ვერ მიხვდების, მე მივსრულვარ სადამი სად; “გული შენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.

247. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, “მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე; “ორისაგან ერთი მიყა: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე, “ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.

248. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა, პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი, “წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, “აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

249. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, “რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები; “თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომცა ცრემლსა ჰმილდები, “მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები”.

250. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: “ორნი კაცნი მოდიოდეს სადაური სადმე გზასა; “უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, “ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, სტირს, იძახის ვაგლახ-ვასა;

251. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა მომიცდიდე, “წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო თუმცა ამოგზიდე; “მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, “შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე!”

252. “აწ, დაო, შენთა ხელსაა ჩემი საბელი ყელისა, “სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა; “რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა, “თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა, მრთელისა!”

253. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო შენი ნაუბარი; “ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე ბრძენთა საქებარი; “ხარ ვინადგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, “რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

254. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: “ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; “მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, “სულ-თქმა სულ-თქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

255. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: “იგი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა; “ვჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა; “აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.