ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

390. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, “დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, “თავსა ვტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!”

391. “შინა მიველ, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, “თვალთა, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა, “ბედი ჩემი უბედური, – ვთქვი, ჯერთცა ვერ გამეფდა! “ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრებდა!”

392. “მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა – “ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა; “ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, “მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა.”

393. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამც ვითა გავიხარეო! “შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; “სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, “სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

394. “შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის ბანითა; “გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ-მონავანითა, “ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, “საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირით და ტანითა.

395. “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი განმინათლა, ზედან ლხინი ადგა სვეტად; “მას ბალიში შემოეგდო, – მზისა შუქსა სჯობდა მეტად – “ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

396. “უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” “მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ-საქებარსა, “დავჯე, მივცენ გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა, – “მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

397. “მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, “მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყვავილი ბარისა, “დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა; “მაგრა ჰხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

398. “თუცა ჰმართებს დედა-კაცსა მამა-კაცის დიდი კრძალვა, “მაგრა მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა, – “მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; “ძუღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

399. “ერთმანერთისა მას აქეთ რაცა ორთავე ვიცითა, “აწცა მიცოდი საშენოდ, მითვე პირითა მტკიცითა; “ამას შევჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა! “გეცრუვო, ღმერთმა მიწა მქნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

400. “წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; “ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე, “მაგრა რა ვქმნა, კვლავცა ნახვა მომხდებოდეს შენი ვირე? “გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.

401. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა; “მოწყალება იჩქითია, ღვთისა ამად არა მკვირსა; “შენნი შუქნი შემომადგეს ბნელსა გულსა, ზედან მჭვირსა; “შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა!”

402. “ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა, “მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა; “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, “ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვწვრთიცა!”

403. “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანისცა ტკბილნი ვთქვენით, “ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით; “მერმე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით; “მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

404. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბადახშ-მინისა, “მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა, “ჩემად ჩნდა იგი სინათლე, ეთერით მზედ ნაჩინისა; “აწ მიკვირს მისი გამყრელი, გული, მიძს კლდისა ტინისა!

405. “დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა;” “სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა; “ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერ ვინ მიზრახავს მხდლობასა; “უგზოდა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

406. “დავაგდე მზღვარი ინდოთა, მევლო, პაშტაი ხანია; “რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთზედა ხანია; “მან მითხრა მოციქულობა, გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენი ინდოთა, თხანია”.

407. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; “მითხრეს: “გკადრებს, – ნუ ამოგვწყვეტ, არის შენგან არ საქნელი, “ზენაარი გამოვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, “მოურბევლად მოგახსენნით თავნი, შვილნი, საქონელი.

408. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია; “თუ ღვთითა შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; “ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია; “შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

409. “გვერდსა დავისხენ ვეზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; “მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით, “არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლავცა ვნახენით, “არამცა მოგკლან ღალატად, არამცა ვივაგლახენით!